სხვილოს ციხესთან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები სწორედ იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე გაიტაცეს.
აქციას შეურთდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც ცხინვალის ციხეში დაახლოებით 50 დღე დაჰყო და საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
ზაზა გახელაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გასული წლის ზაფხულში უკანონოდ დააკავა. 2021 წლის 5 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.