პარტიის შიგნით მიმდინარეობს დისკუსია ყველა ტიპის საკითხზე, იქნება ეს სტრატეგია, ტაქტიკა, სტრუქტურული თუ ვინმეს პერსონალური ან გუნდური გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი პარტიის შიგნით კარგა ხანია, დაიწყო, პრესამ გაიგო ეს რამდენიმე დღის წინ და მოყვა ამას არასწორი ფორმით სპეკულაციები.
„ახლა სწორედ იმიტომ ვიკრიბებით, რომ ეს პროცესი მიდის. მთავრობის პროპაგანდა მუშაობს ამაზე. დაპირისპირებას კი არ აქვს ადგილი, რაც მოგახსენეთ, იმას აქვს ადგილი – დისკუსიას იმის თაობაზე პარტიისთვისაც და ქვეყნისთვისაც პოლიტიკურად რთულ მომენტში, გაყალბებული არჩევნების შემდეგ როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ მუშაობა. რაც გითხარით, არაფერი იმის მიღმა არ ხდება. იმიტომ ვართ შეკრებილი, რომ შეიძლება, დღესვე იყოს რაიმე სახის გადაწყვეტილება, შეიძლება, დაგვჭირდეს მეტი დრო. ვერანაირ ახალ ამბავს ჩემგან ახლა ვერ გაიგებთ, რადგან ჯერ არ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. შეიძლება, შეეხოს პერსონალიებს, ნებისმიერს შეიძლება შეეხოს და როცა იქნება ეს გადაწყვეტილებები, შემეძლება, რომ გითხრათ. ეს არ უკავშირდება უგულავა-სააკაშვილის შეხვედრას, ჩემი აზრით, არანაირად“, – განაცხადა ბოკერიამ.