ამ დროისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა 524-მა მგზავრმა სცადა, 3 790 მგზავრს კი პირბადის სწორად გამოყენების გაფრთხილება მიეცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაწესებული რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
თბილისის მერმა მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა.
„რამდენიმე დღეა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. ეპიდემიოლოგების მხრიდან გვაქვს ძირითადი მოთხოვნები, რომელიც მგზავრმა ტრანსპორტში ასვლისას უნდა დაიცვას. ეს არის პირბადის ტარება, იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
რაც შეეხება სტატისტიკას რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით, 524 მგზავრი ეცადა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან აღკვეთილი იქნა და მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ; 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იყო შემთხვევები, რომ ცხვირს ბოლომდე არ უფარავდა, ზოგს ჩამოწეული კი ჰქონდა. მათ მიეცათ გაფრთხილება და შემდეგ ეს ყველაფერი გამოსწორდა; ერთ შემთხვევაში, დაგვჭირდა საპატრულო პოლიციის გამოძახება, რადგან დაპირისპირება იყო პირბადის არგაკეთების გამო; ერთ შემთხვევაში კი, არ დაიძრა ავტობუსი, იმიტომ, რომ მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს. ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ბევრჯერ იქნა მითითება მიცემული, რომ პირბადე გაეკეთებინა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თავად მგზავრებს, რომლებიც ერთმანეთს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ეხმარებიან.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს. ამ პროცესში თავად მგზავრები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი და პირველ რიგში, ისინი მოითხოვენ ერთმანეთისგან, რომ პირბადე სწორად ატარონ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიცვათ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა წესის დაცვა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.