კორონავირუსი დამარცხდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70% აიცრება. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, მოსახლეობის ვაქცინაცია 20-25 თებერვლიდან დაიწყება.
"კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას ვთხოვო – არ დავიჯეროთ, რომ რადგან მსუბუქდება შეზღუდვები, ჩვენ დავამარცხეთ კორონა და ვირუსი აღარ არის. არა, დღევანდელი 600 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია. არ არის 5000, მაგრამ პატარა საქართველოსთვის ბევრია. ამიტომ სლოგანი ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, კარგა ხანს იქნება. მაგრამ თანაცხოვრება ნიშნავს, რომ პარალელურად ჩვენ ყველა ვემორჩილებით იმ წესებს, რასაც ჯანდაცვის სფერო მოსახლეობას მოუწოდებს. კორონავირუსი დამარცხდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70% აიცრება. როდესაც გაჩნდება, და დიდი იმედი მაქვს, რომ გაჩნდება უკვე მაისი-ივნისში, ამის წინასწარი მონაცემები არის, ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელი იქნება ყველაზე მარტივი საშუალების, პირბადის ტარება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.