მინდა დიდი კმაყოფილებით ვთქვა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ყველაზე უკეთ და ყველაზე მცირე დანაკარგით უმკლავდება პანდემიას. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში საათივით აწყობილად მუშაობს მთელი ვერტიკალი, მათ შორის კლინიკური სექტორი.
"უხარვეზო არაფერი არ არის და ალბათ, ჩვენც გვექნება რაღაც ხარვეზები, რომელიც გარედან უკეთესად ჩანს. ამიტომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები მზად ვართ, ყურადღებით მოვისმინოთ ყველა შენიშვნა და გავითვალისწინოთ. თუმცა ქვეყნის სტრატეგიას მსხვილი პლანით თუ შევხედავთ, მინდა დიდი კმაყოფილებით ვთქვა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომელიც ყველაზე უკეთ და ყველაზე მცირე დანაკარგით უმკლავდება კოვიდპანდემიას. ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი, ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის. ამის მტკიცებულება ის არის, რომ ქვეყანაში საათივით აწყობილად მუშაობს მთელი ვერტიკალი, მათ შორის კლინიკური სექტორი. სამჯერ მეტი საწოლია მობილიზებული, ვიდრე ჩვენ გვჭირდება. არ არსებობს არანაირი შეფერხება პაციენტების მიღებაში როგორც ბინაზე, ისე ჰოსპიტალში. საათივით გამართულად მუშაობს სასწრაფო დახმარების და ოჯახის ექიმის სამსახური. ძალიან კარგად ფუნქციონირებს ე.წ ონლაინკლინიკებიც, სადაც გაერთიანებულია 2 000 ოჯახის ექიმის ძალისხმევა", - განაცხადა ცერცვაძემ.