პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ეწვია, უძველეს სამთავრობო უწყებას, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ვიზიტის მიზანია ხაზგასმა იმისა, რომ ახალი ადმინისტრაცია ცდილობს აღადგინოს საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრავალხმრივი მიდგომა და გამოაცხადოს ამერიკისა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ერა.
ბაიდენს თან ახლდა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელმაც ასევე მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს.
ჯო ბაიდენმა თავისი გამოსვლა დაიწყო სიტყვებით "ამერიკა ბრუნდება", "დიპლომატია ბრუნდება".
"ჩვენ ვაპირებთ აღვადგინოთ ჩვენი ალიანსები მოკავშირეებთან. ვაპირებთ აღვადგინოთ მსოფლიო და მივიღოთ ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, პანდემიასთან გამკლავება, გლობალური დათბობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს გარშემო", - თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის და აღუთქვა მათ, რომ საგარეო პოლიტიკის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაში.
პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკელი ხალხის სამსახურშ ყოფნისას დაიცვან მთავარი ღირებულებები - ერთიანობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
პრეზიდენტის სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვა ზოგადი იქნება და ის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს არ დააკონკრეტებს. ფსაკის თქმით, პრეზიდენტს სჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან უნდა ითანამშრომლოს ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებისთვის თავის გასართმევად.