შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს სახელმწიფო დეპარტამენტს ეწვევა და საგარეო პოლიტიკის საკუთარ ხედვაზე ისაუბრებს.
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლის დროს, ბაიდენმა შესაძლოა დეტალურად არ ისაუბროს ისეთ მოწინააღმდეგეებთან მიდგომაზე, როგორიც ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი და ირანია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის მოკავშირეებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და საერთო გლობალური გამოწვევების გადალახვაზე ისაუბრებს.
თეთრი სახელის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვა ზოგადი იქნება და ის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს არ დააკონკრეტებს. ფსაკის თქმით, პრეზიდენტს სჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან უნდა ითანამშრომლოს ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებისთვის თავის გასართმევად.
"ამერიკის ხმის" შეკითხვაზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა "სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაა", რომელიც მსოფლიოში დღეს არსებობს.
შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩინეთთან მიდგომის ახალ პოლიტიკას განიხილავს, რომელიც „სტრატეგიული მოთმინებით“ იქნება განსაზღვრული. ამაში შევა პრიორიტეტები, რომლებიც ამერიკას დაეხმარება თავი გაართვას ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჩინეთის როლი მომარაგების ჯაჭვში და სადაზვერვო საფრთხეები, რომლებსაც პეკინი უქმნის ამერიკას.
მოსალოდნელია, რომ ბაიდენმა მალე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწეროს ხელი, რომელიც ამერიკის მომარაგების ჯაჭვს გადახედავს და ყურადღებას კორონავირუსის პანდემიისთვის თავის გასართმევად საჭირო პროდუქციაზე და უცხოელ მომწოდებლებზე გაამახვილებს.