სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები მარტივდება, ამის შესახებ დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განმარტებით, ვეტერინარული სერტიფიცირება უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონებში მოხდება. სერტიფიცირებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური განახორციელებს.
მისივე თქმით, ხშირად საქონლის ექსპორტიორებს საბაჟო კონტროლის ზონებში საქონლის შეჩერება უწევთ და ფიტოსანიტარული სერტიფიკატის აღებისთვის ხანგრძლივი პროცედურების განხორციელება. შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი ფიტოსანიტარული სერტიფიკატის ფორმებსა და გაცემის წესს ფინანსთა მინისტრი ბრძანებით დაამტკიცებს.