შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას პირდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივან ბლინკენსა და მის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
"მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა ურაინის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას. ამერიკისთვის პრიორიტეტულია უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროატლანტიკური მისწრაფებები. სახელმწიფო მდივანმა პირობა დადო, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას", - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ გააგრძელოს კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რაც გააძლიერებს უკრაინის ინსტიტუტებსა და უკრაინელ ხალხს კეთილდღეობას მოუტანს.
ბლინკენმა და კულებამ ასევე განიხილეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღდეგ დიპლომატიური მცდელობები.
ამერიკის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დმიტრო კულება. მისი თქმით, უკრაინა მადლიერია ამერიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.