კარტოგრაფების ადვოკატები გირაოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ - უფლებადამცველები ბრალდებულთათვის გირაოს შემსუბუქებას და სამუშაო ადგილებზე აღდგენას მოითხოვენ.
"გავასაჩივრეთ როგორც გირაოს ოდენობა და ვითხოვთ უფრო ნაკლები გირაოს გამოყენებას ასევე გავასაჩივრეთ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ორივე ნაწილში მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მკაცრი ღონისძიებები და არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს, არამედ დასჯის ეფექტი უნდათ რომ მოახდინონ", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება
საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა შეგნებულად არ ხელმძღვანელობდნენ რუკის იმ ვერსით, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის გავლება საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებდა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმების დროს ბრალდებულების მიერ 1938 წლის რუკის ნაცვლად 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკების გამოყენებამ ქვეყანა 3 500 ჰექტრის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2020 წლის 8 ოქტომბერს პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანი პატიმრობაში დაოვა 15 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომაც. 2021 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.