შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებისა და რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ირგვლივ შექმნილი მდგომარების გამო.
ამ თვის დასაწყისში, ალექსეი ნავალნი რუსეთში ბერლინიდან დაბრუნდა, სადაც თითქმის 6 თვე დაჰყო „ნოვიჩოკით“ მისი მოწამვლის შემდეგ. ნავალნი მოსკოვის აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
"როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ ყველა მხრიდან ვაანალიზებთ იმ ქმედებებს, რაც ღრმა შეშფოთებას იწვევს, იქნება ეს ნავალნის უსაფრთხოების საკითხი, თუ ქიმიური იარაღის აშკარა გამოყენება მისი მკვლელობის მცდელობისას", - განაცხადა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ნავალნის ხმა აურაცხელი რუსის ხმას გამოხატავს და ამ ხმას უნდა მოუსმინონ და არა ჩაახშონ.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მსჯელობს, თუ რა რეაგირება მოახდინოს რუსეთის იმ ქმედებების საპასუხოდ, როგორებიცაა კიბერთავდასხმა Solar Wind-ზე, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოკვლისთვის თალიბებისთვის ჯილდოს დაწესება და ამერიკის არჩევნებში ჩარევა.
სახელმწიფო მდივანმა მთავარ გამოწვევებად კლიმატის ცვლილება, პანდემიასთან ბრძოლა, ეკონომიკა, დემოკრატიის მიმართ საფრთხეები დაასახელა.
ამასთანავე, ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ ახალი ადმინისტრაცია აღადგენს ძველ და მჭიდრო კავშირებს მოკავშირეებთან.
ენტონი ბლინკენი სენატმა სახელმწიფო მდივანდ 26 იანვარს დაამტკიცა.