ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა რუსეთს, "დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს".
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. გუშინ ის შეხვდა ევროკავშირის ლიდერებს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომას დაესწრება.
ფოტო: NATO