შეერთებული შტატების 46-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.
ტრადიციისამებრ, ვიდრე მომავალი პრეზიდენტი თეთრ სახლს და თავის სამუშაო ოთახს დაიკავებს, ოვალური ოთახი პრეზიდენტის ინტერესებისა და გემოვნების შესაბამისად ეწყობა.
ოვალური ოფისი ამერიკის დიდებულებისა და საპრეზიდენტო ძალაუფლების სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს. ყველა პრეზიდენტი ცდილობს შეცვალოს ოფისის ინტერიერი და დეკორაციები თავის შეხედულებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
ამჯერადაც ასე მოხდა. ოვალურ კაბინეტში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რომლის ექსკლუზიურად დათვალიერების შესაძლებლობა Washington Post-ს მიეცა.
ბაიდენმა ოვალურ ოფისში ამერიკის ისტორიის გამოჩენილი პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერების ფორტრეტები და ბიუსტები შემოიტანა.
ოვალური ოფისიდან გაიტანეს ამერიკის მე-7 პრეზიდენტის ენდრიუ ჯექსონის პორტრეტი, რომელიც აქ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დღიდან იყო განთავსებული.
ენდრიუ ჯექსონი ცნობილი იყო როგორც პოპულისტი პრეზიდენტი და მის ტრამპთან იდენტიფიკაციას ხშირად ახდენდნენ.
ახლა, ენდრიუ ჯექსონის პორტრეტი პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, მეცნიერისა და ფილოსოფოსის ბენჯამინ ფრანკლინის პორტრეტით ჩაანაცვლა.
ოვალურ ოფისში ასევე განლაგდა მარტინ ლუთერ კინგის (უმცროსი) და რობერტ ფიცჯერალდ კენედის ბიუსტები. ამ ადამიანებმა გარდამტეხი გავლენა მოახდინეს ამერიკაში სამოქალაქო უფლებების მოძრაობებზე.
გარდა ამისა, პრეზიდენტის სამუშაო ოთახში არის აფროამერიკული წარმოშობის, სახელგანთქმული უფლებადამცველი, სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ავანგარდში მყოფი როზა პარქსის ბიუსტი. ასევე, აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის ბიუსტი.
ბუხრის ზემოთ პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის პორტრეტია, რომელიც ყველაზე რთულ დროს, დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის დროს ედგა ქვეყანას სათავეში.
ოდნავ მოშორებით შეხვდებით პრეზიდენტ თომას ჯეფერსონისა და ყოფილ სახაზინო მდივან ალექსანდრე ჰამილტონს. ამ ორი პოლიტიკური მოღვაწის შეხედულებები ხშირად უპირისპირდებოდა ერთმანეთს. ბაიდენის გუნდის განმარტებით, ამ ორი პორტრეტის ერთმანეთის სიახლოვეს განთავსება მინიშნებაა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და რესპუბლიკის დაცვისთვის აზრთა სხვადასხვაობა.
ასევე ერთმანეთის სიახლოვეს არის განთვსებული ამერიკის სახელგანთქმული პრეზიდენტების, ჯორჯ ვაშინგტონისა და აბრაამ ლინკოლნის პორტრეტები.
პრეზიდენტის ძირითადი სამუშაო მაგიდის უკან, მომცრო ზომის ტუმბოზე, სადაც ბაიდენების ოჯახის წევრების ფოტოებია, დგას სეზარ ჩავესის, ლათინოამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცველი, მუშათაუფლებადამცველის ბიუსტი.
ოვალურ ოფისში შეიცვალა ასევე ტრამპის პრეზიდენტობის დროინდელი მკვეთრი ოქროსფერი ფარდები და ღია ფერის ხალიჩა და ჩანაცვლდა მუქი ოქროსფერი ფარდებითა და ლურჯი ხალიჩით.
ოთახში უკვე აღარ დგას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი.