აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს გაუგზავნა წერილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის დაბრუნების შესახებ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
"ამ წერილით შეერთებული შტატების ხელისუფლება უკან იწვევს 2020 წლის 6 ივლისის წერილს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია 2021 წლის ივლისიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს. შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს დარჩეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში", - ნათქვამია წერილში.
ბაიდენი აღნიშნავს, რომ ჯანმოს საკვანძო როლს ასრულებს კორონავირუსის პანდემიასა და ჯანდაცვის სხვა გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლაში. აშშ აცხადებს, რომ სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებს ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასა და გლობალური ჯანდაცვის განვითარებაში, ასევე ამ საქმეში შეასრულებს მსოფლიო ლიდერის როლს.
ბაიდენის წინამორბედმა დონალდ ტრამპმა გასული წლის ივლისში კონგრესს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ. გასვლის პროცესი 2021 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. ტრამპი აცხადებდა, რომ ქვეყანა წყვეტს ჯანმოსთან ურთიერთობას და მის დაფინანსებას, რადგან ორგანიზაციამ უარი თქვა რეფორმების შესრულებაზე. ტრამპმა ჯანმო დაადანაშაულა ჩინეთის ინტერსებიდან გამომდინარე კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბების დამალვაში.
ბაიდენმა თავისი პრეზიდენტობის პირველ დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის დაბრუნების შესახებ, გუტერეში აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე მიესალმა.