"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სირცხვილია ოპოზიციური შეკრებებიდან ინფორმაციის გამოტანა, რაშიც გულისხმობდა ალეკო ელისაშვილის სიტყვებს, რომელმაც "ლელოს" ლიდერს რევლუციური სცენარის მხარდაჭერაში. მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს ავანტიურისტი და მატყუარა უწოდა.
"ძალიან ვერიდებოდი ამ ყველაფრის პირდაპირ თქმას, მაგრამ თქვენ, ბატონო ალეკო, პირდაპირ გეუბნებით, ხართ მატყუარა და ავანტიურისტი. თქვენ ლაპარაკობთ "ქართული ოცნების" დავალებით. თქვენ თუ გინდათ, შედით პარლამენტში, არავინ ხელს არ გიშლით, ამ ქაოსს თავი დაანებეთ, "ოცნების" მუსიკას ჩვენ ნუ გვასმენინებთ”, -მიმართა მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს.
თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს მატყუარა, უსინდისო და ხალხის მყვლეფავი უწოდა. ამასთან, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა.
ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს არაერთხელ უწოდა ხალხის მყვლეფავი და წინა ხელისუფლებასთან დანაშაულებრივ კავშირში დაადანაშაულა. თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს ურჩია, ოპოზიციურ შეხვედრებზე არ გამოჩნდეს, რადგან მისთვის ხელის ჩამორთმევას და მის გვერდით დგომას არ აპირებს.
“არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული, მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ სიტყვას და ღირსებას ჰქონდეს ფასი. ამხელა ტყუილების გუდა საიდან გაქვს, სად ისწავლე ამხელა ტყუილები ამხელა კაცმა. ჩვენ გვერდით არ გაიარო, მატყუარა ხალხთან საქმე არ მაქვს”,-მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს.