ინდონეზიის ერთ-ერთ მღვიმეში ცხოველის გამოსახულება აღმოაჩინეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძველია.
სავარაუდოდ, მეჭეჭებიანი გარეული ღორის გამოსახულება 45 000 წლის წინ არის შესრულებული.
მღვიმის კედელზე გამოსახული ცხოველი მოწითალო მინერალით, ჟანგმიწით არის დახატული. ვარაუდობენ, რომ ეს გამოსახულება უფრო ფართო კომპოზიციის შემადგენელი ნაწილია, რადგან მღვიმის კედელზე შემორჩენილია კიდევ ორი ღორის გამოსახულების ფრაგმენტები.
გამოსახულების ზედა მხარეს მოჩანს ადამიანის ხელები. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ კედელზე ადამიანის დნმ-ის ნაკვალევის პოვნას.
მღვიმე, სადაც ნახატი აღმოაჩინეს, ინდონეზიის კუნძულ სულავესის სამხრეთით მდებარეობს.
ამ დროისთვის, ადამიანის მიერ შესრულებულ ყველაზე ძველ ნახატად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოჩენილი ცხაურის (#) ფორმის გამოსახულება ითვლება, რომელიც 73 000 წლით არის დათარიღებული.