საქართველოს პრეზიდენტი ბუკნაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა
"მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.
საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით.
ჩვენს მოქალაქეეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.
მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც დაპირისპირებული მოსახლეობის დაშოშმინებას ცდილობდა.
კონფლიქტი სოფლის მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო.
სოფლის მუსლიმ მაცხოვრებლებს სალოცავის მოწყობა სურთ, რის წინააღმდეგაც გამოდიან ქრისტიანი მაცხოვრებლები. დაძაბულობამ პიკს გუშინ მიაღწია, როდესაც ქრისტიანული თემის ერთ-ერთმა წევრმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა 3 მუსლიმ მოქალაქეს, მათ შორის არასრულწლოვანს.
აღნიშნულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ერთი პირი დააკავა.
ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას გაემოხმაურა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია.
ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, "ადამიანისმოძულეობისა და ირაციონალური შიშის ურჩხულმა კიდევ ერთხელ წამოყო თავი საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც დეკლარირებულად ევროპული ორიენტაციისაა, ახალგაზრდებს თავს უტეხენ ლოცვის გამო".
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ბოდიშს უხდის ქართველ მუსლიმებს, რომ "მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით".
"ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ლოცვისათვის თავს უტეხავენ, მომავალი არა აქვს!" - ვკითხულობთ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას ეხმაურება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).
ორგანიზაცია სახელმწიფოს კონფლიქტის დეესკალაციისკენ და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯების გადაგმისკენ მოუწოდებს.
"სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი უკვე რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობს, სადაც ისინი გურიისა და აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სხვადასხვა პერიოდში (პირველად 50-70 წლის წინ) დასახლდნენ. ამ დროისთვის ისინი ადგილობრივი თემის ნახევარს წარმოადგენენ. მუსლიმი თემი 2007 წლიდან ითხოვს მეჩეთის მშენებლობას სოფელში, თუმცა ისინი დაბრკოლებებს წააწყდა და მეჩეთის სივრცის ორგანიზება ვერ მოხერხდა. დაახლოებით 10 თვის წინ ადგილობრივმა თემმა სოფელში მუსლიმი მეზობლისგან, რომელიც წალკაში გადავიდა საცხოვრებლად კერძო სახლი შეიძინა და ამ სივრცეში მალევე რელიგიური პრაქტიკის აღსრულება დაიწყო. მუსლიმების თქმით, ისინი მინარეთის აღმართვას არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ მთელი ეს დრო მეზობელი ქრისტიანების „არგაღიზიანებას“. თუმცა მათი მხრიდან ლოცვის სივრცის ორგანიზებას ადგილობრივი ქრისტიანების უკმაყოფილება მოჰყვა. მუსლიმების განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანი თემის ზოგიერთი წარმომადგენელი მათ ლოცვის შესაძლებლობას არ აძლევს და აცხადებენ, რომ მუსლიმები ამ სოფელში „ჩამოსახლებულები" არიან და მათ მეჩეთის გახსნის უფლება „ქრისტიანულ მიწაზე“ არ აქვთ. კონფლიქტი ამ საკითხზე დაახლოებით 1 თვის წინ დაიყო და მას მეზობელ თემებს შორის ძირითადად სიტყვიერი შელაპარაკების და გარჩევის ფორმა ჰქონდა. სამწუხაროდ, 2020 წლის 11-12 იანვარს კონფლიქტმა ფიზიკური დაპირსპირების ფორმა მიიღო. გუშინ კი მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული რწმენის თავისუფლება, რაც თავის თავში მოიცავს რელიგიური რიტუალების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის უფლებას.
"სახელმწიფოს ვალდებულებაა თანაბრად შეუწყოს ხელი ყველასთვის ამ უფლებით განუხრელად სარგებლობას. ამასთან, სახელმწიფომ ნეიტრალურად და მიუკერძოებლად უნდა დაიცვას მორწმუნეთა შორის სოციალური მშვიდობა. სწორედ ნეიტრალიტეტზე და მიუკერძოებლობაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიულობა და პლურალიზმი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქოს რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.