ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, მმართველი ცენტრისტული პარტიის ლიდერი იური რატასი თანამდებობას ტოვებს მას შემდეგ, რაც მისი პარტია კორუფციულ სკანდალში გაეხვა.
ერთი დღით ადრე, პარტიას როგორც იურიდიულ პირს, ასევე 5 ფიზიკური პირს ბრალი დასდეს კორუფციაში.
იური რატასის თქმით, გადადგომამდე, რომელიც მის ღირებულებებთან მოდის თანხვედრაში, მან კონსულტაციები გამართა პარტიის მმართველ რგოლსა და პარლამენტის ფრაქციასთან.
მისივე თქმით, გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას უშუალოდ მის წინააღდეგ პრეტენზიები არ გააჩნია.
იური რატასი ესტონეთის მთავრობას 2016 წლის ნოემბრიდან უდგას სათავეში.
პრემიერ-მინისტრ რატასის გადადგომას წინ უძღოდა გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, ცენტრისტული პარტიის მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამოძიების დაწყების შესახებ.
გენერალური პროკურატურის გამოძიების სამიზნეა პარტიის გენერალური მდივანი მიხაი კორბი. გამოძიების ინფორმაციის მიხედვით, გენერალური მდივანი კორბი ბიზნესმენ ჰილარ ტედერეს სთხოვდა, ადგილობრივი არჩევნების წინ პარტიისთვის მილიონი ევრო გადაეცა, სანაცვლოდ კი სახელმწიფო სააგენტოდან 40 მილიონამდე ევროს სესხის გამოყოფას დაჰპირდა.