ნოემბრის არჩევნებისას არჩეულმა, შეერთებული შტატების კონგრესის ახალმა შემადგენლობა მუშაობას შეუდგა იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული რომელმა პარტიამ მოიპოვა კონტროლი სენატზე.
117-ე მოწვევის კონგრესის ორივე პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა პირველი სხდომა უკვე გახსნეს.
3 ნოემბრის არჩევნების შედეგად, დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი შეინარჩუნეს, თუმცა წინა მოწვევაზე ნაკლები რაოდენობის მანდატით. ახლა დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში 222 მანდატს ფლობენ, რესპუბლიკელები - 213-ს.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ დაამყარებს კონტროლს სენატზე. 5 იანვარს ჯორჯიის შტატის ორ ოლქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც გაირკვევა, სენატში უმრავლესობას კვლავ რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ თუ დემოკრატები მოიპოვებენ.
ჯორჯიის შტატის ორივე საარჩევნო ოლქში დემოკრატების კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, სენატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებსა 50-50 მანდატი ექნებათ. ასეთი თანაფარდობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა მომავალი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის იქნება, ვინაიდან ის ამავდროულად სენატის პრეზიდენტი იქნება.
მოელიან, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დღევანდელ სხდომაზე სპიკერის თანამდებობაზე კენჭს უყრიან ნენსი პელოსის კანდიდატურას.
დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ნენსი პელოსი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაასახელეს.
არჩევის შემთხვევაში, 80 წლის ნენსი პელოსი კიდევ ორი წელი იმსახურებს სპიკერის თანამდებობაზე.
6 იანვარს კონგრესი კვლავ შეიკრიბება, რათა ამომრჩეველთა ხმები დათვალოს და საბოლოოდ დაადასტუროს ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
სავარაუდოდ, კონგრესის ორივე პალატის ზოგიერთი რესპუბლიკელი წევრი გააპროტესტებს ბაიდენის გამარჯვების დადასტურებას, თუმცა მათ მცდელობას წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.