არგენტინის პარლამენტის, ეროვნული კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ქვეყანაში აბორტის ლეგალიზების შესახებ. მანამდე ეს ინიციატივა დაამტკიცა კონგრესის ქვედა, დეპუტატთა პალატამ.
კანონპროექტის განხილვა სენატში 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოდ მას 38 სენატორი მიემხრო, 29 წინააღმდეგ წავიდა, ერთმა კი თავი შეიკავა.
აბორტის ლეგალიზებას მხარს უჭერს არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი. სწორედ მისი ინიციატივით გაიგზავნა კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად.
ალბერტო ფერნანდესი წინასაარჩევნო კამპანიისას პირობას დებდა, რომ ბოლომდე მიიყვანდა აბორტის ლეგალიზების საკითხს, რასაც წლების განმავლობაში ითხოვდნენ ადამიანის უფლებათა აქტივისტები.
აქტივისტები იმედოვნებენ, რომ კანონის მიღება არგენტინაში - ლათინური ამერიკის ერთ – ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ქვეყანაში - სხვა ქვეყნებსაც შთააგონებს, რომ მიბაძონ მას.
კათოლიკური ეკლესია, რომელიც დიდ გავლენას ფლობს ლათინური ამერიკის ქვეყნებზე, წინააღმდეგი იყო ამ ნაბიჯისა და სენატორებს კანონპროექტის უარყოფისკენ მოუწოდებდა.
კანონის მიხედვით, აბორტის გაკეთება შესაძლებელი იქნება 14 კვირამდე ორსულობის შემთხვევაში.
აქამდე არგენტინაში აბორტი ნებადართული იყო მხოლოდ გაუპატიურების შემთხვევებში და ასევე, როდესაც დედის ან ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სხვა შემთხვევაში, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა დანაშაულად ითვლებოდა.