უვადო პატიმრებს მინდა შევეხო. მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი, არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ, მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყვავს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა უვადო პატიმრებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისინი უნდა ესწრებოდნენ განხილვას, რადგან მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს და ეს მათი საქმეა, პირველ რიგში.
„ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მე მინდა მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თვიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ, ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს მათი საქმეა პირველ რიგში“, - თქვა წულუკიანმა.