ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვიზების გამარტივებას მხარს უჭერს.
ევროპარლამენტის თავისუფლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა 27 ოქტომბრის სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შესახებ 17 ივნისის გადაწყვეტილება მოიწონა.
ამის შესახებ ევროპის პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, ევროპარლამენტი მხარს უჭერს თბილისთან შეთანხმებას, რაც არასტანდარტულ მდგომარეობაში მყოფი ემიგრანტების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. დოკუმენტი პირველ ნოემბერს ევროასამბლეის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავა.
შეთახნების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მისაღებად საჭირო განაცხადის წარდგენის საფასური 60-დან 35 ევრომდე შემცირდა. ამასთან, გადაწყვეტილება ვიზის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში.
ჟურნალისტებსა და კულტურული სფეროს მოღვაწეებს ვიზა საერთოდ არ დასჭირდებათ.
ევროპარლამენტის თავისუფლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა საქართველო-ევროკავშირს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმებაც მოიწონა. პირველ ნოემბერს ბრიუსელში ამ შეთანხმებასაც უყრიან კენჭს.