შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამანტა პაუერის კანდიდატურას განიხილავს. იუწყება გამოცემა Axios-ი.
სამანტა პაუერი 2013-2017 წლებში გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობასი იკავებდა.
გამოცემის ინფორმაციით, სამანტა პაუერის კანდიდატურის განხილვა ცხადჰყოფს ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციის განზრახვას, გააძლიეროს ამერიკის ძალისხმევა საზღვარგარეთ დახმარების გაწევაზე.
როგორც გამოცემა წერს, დამტკიცების შემთხვევაში პაუერის მთავარი პრიორიტეტი შეერთებული შტატების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნება იქნება.
"ტრამპის ადმინისტრაციის პასუხი მსოფლიოს ყველაზე მთავარ გამოწვევაზე, კორონავირუსის პანდემიაზე, ყველაზე უარესია დანარჩენ მსოფლიოში", - წერდა პაუერი ჟურნალ Foreign Affairs- ში ამერიკის მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებაზე.
USAID - შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც 1961 წელს დაარსდა, არის ქვეყნის უმაღლესი ფედერალური სამთავრობო სააგენტო უცხოური დახმარებისთვის.
სააგენტოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს ნიშნავს პრეზიდენტი აშშ-ის სენატის თანხმობით და ისინი მოქმედებენ სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.
სააგენტოს ძირითადი საქმიანობაა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და უცხოეთის ქვეყნებში კონფლიქტების პრევენციისა და დემოკრატიის განვითარების მცდელობების ხელშეწყობა.