ENG / RUS       12+

რეალური სიმართლე და კრემლის სიყალბე რუსული ვაქცინის Спутник V-ს შესახებ

რუსეთში, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შექმნილი რუსული ვექტორული ვაქცინით მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. კრემლში გამართული თათბირის დროს ყველა რეგიონის გუბერნატორმა პუტინს უპატაკა, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, მიწოდებაც დაწყებულია და ვაქცინაცია მთელი სვლით მიდის. ანუ, რუსეთის ხელისუფლებამ 140 მილიონი მოქალაქის აცრა იმ ვაქცინით დაიწყო, რომელიც 18 ნოემბრისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 58 ათასი ეგზემპლიარის ოდენობით არსებობდა. თანაც, იმისთვის, რომ Спутник V-მ იმუშაოს, მისი ორი კომპონენტის გაკეთებაა საჭირო. სინამდვილეში კი, ადგილობრივ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს ვაქცინის ორი აუცილებელი კომპონენტიდან, ჯერჯერობით მხოლოდ ერთის წარმოება შეუძლიათ.

როგორც რუსულმა გამოცემა "Медуза"-მ გაარკვია, ვაქცინაციის პროცესს პრობლემა უკვე შეექმნა, რადგან ფარმაკოლოგიური კომპანიები მეორე კომპონენტის სტაბილურ წარმოებას ვერ იწყებენ - ამ მასშტაბის რესურსები არა აქვთ. მის გარეშე ვაქცინაციის დაწყება შეიძლება, მაგრამ დასრულება-არა. ამ პრობლემას კრემლში რა თქმა უნდა არ აღიარებენ, არადა ვაქცინის გამოცდის პერიოდში მოხალისეებს ჯერ პირველი კომპონენტით ცრიდნენ, ხოლო მეორე კომპონენტით 21 დღის შემდეგ, გადადება მხოლოდ 1-2 დღით იყო დასაშვები. მაგრამ, ახლა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ვაქცინის კონცეპცია უცებ შეიცვალა-თურმე მეორე კომპონენტის გაკეთება ზუსტად 21 დღის შემდეგ აღარ არის აუცილებელი, შესაძლოა ის 21-დან 50 დღემდე ვადაში გაკეთდეს. 

იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე გაიმარჯვა და მთელს მსოფლიოს რუსული ვაქცინის შექმნა აუწყა, თავადვე ადგილობრივი მეცნიერები აღიარებენ, რომ რუსეთში ასეთი სუბსტანციების საწარმოებლად ამხელა ბიოტექნოლოგიური რესურსი უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისი ცენტრების აშენება გრძელვადიანი და მაღალ ბიუჯეტური საქმეა. შესაბამისად, პრობლემაა ლაბორატორიებში უკვე გამზადებული ვაქცინის დიდ მოცულობებზე მასშტაბირება. ერთი საქმეა ვაქცინის შექმნა სინჯარაში, ხოლო მეორე- მისი დამზადება ბიო რეაქტორში. და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ შეპირებული მილიონობით ვაქცინა და მისი მეორე კომპონენტის დამზადება უბრალოდ ვერ ხერხდება.

მართალია, კრემლში კარგად იციან იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელ სამედიცინო ცენტრებში ასეთ საქმეს თავს ვერ მოაბამდნენ, მაგრამ როდის იყო, რომ რუსეთის მმართველებს სიმართლის დამალვაზე უარი ეთქვათ? Спутник V -ს ხომ უბრალოდ არა აქვს უფლება ჩავარდეს ან იყოს არაეფექტური, რადგან თავად პრეზიდენტმა პუტინმა მოიწონა თავი "მსოფლიოში პირველი ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ" და თანაც ასეთი განსაკუთრებული სახელიც დაარქვა. სწორს წერს იულია ლატინინა - "შეიძლება "ტესლას" აწყობა ავტოქარხანაში, სადაც 30-იანი წლების დანადგარები დგას?"

რაც შეეხება ზოგადად ამ ვაქცინის შესახებ დამოკიდებულებას მსოფლიოში - რუსული ვაქცინის ეფექტურობის დიდად არ სჯერათ და რამდენიც არ უნდა თქვას კრემლის პროპაგანდამ, რომ ამის მიზეზი პოლიტიკურია და კონკურენციიდანაც გამომდინარეობს, სინამდვილე ის არის, რომ მსოფლიოს სამეცნიერო და ფარმაკოლოგიური წრეები რუსულ ნაწარმს, მით უფრო ასეთ ფილიგრანულ სფეროში, უბრალოდ არ ენდობიან.

BBC-ის ცნობით, მართალია რუსეთში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყეს, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოებას, მათ შორის რუსულსაც, ძალიან ბევრი კითხვა აქვს Спутник V-ს შემქმნელებთან. მათ კლინიკური ცდების მონაცემებთან უხეშად მოპყრობაში, გაყალბებასა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. ექსპერტები რუსულ ვაქცინას პირველ რიგში იმიტომ არ ენდობიან, რომ რუსული ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება მხოლოდ 76 მოხალისის მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა. მაგალითად ოქსფორდის ვაქცინის უსაფრთხოება კვლევის მეორე ფაზის დროს 256 მოხალისეზე გატესტეს, Pfizer -ის ვაქცინა იგივე ფაზაში 456 მოხალისეზე გაიტესტა, ხოლო Moderna-ს ვაქცინა - 600 მოხალისეზე. თანაც, არც ერთმა ამ და სხვა ვაქცინამ, გარდა Спутник V-ს, მესამე ფაზამდე ნაჩქარევი სახელმწიფო რეგისტრაცია არ მიანიჭეს. 

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ის ისე დაარეგისტრირა, რომ კვლევის მესამე ეტაპი დაწყებულიც კი არ ჰქონდა. ამას გარდა, როგორც თავად რუსულ ინტერნეტ სივრცეშიც აღნიშნავენ, დასავლეთში, რუსეთის ჯანდაცვის თანამედროვე სისტემას უკონტროლო ველურ სამყაროდ მიიჩნევენ, სადაც ფულის და პოლიტიკის გამო ყველაფერზე მიდიან. ეს კი წლების განმავლობაში შექმნილი არასახარბიელო რეპუტაციის გამოა, რომელსაც ვერც გამალეის ინსტიტუტის წონიანი და სერიოზული მეცნიერების მიერ შექმნილი თუნდაც კარგი ვაქცინა შეუცვლის სახელს. მას მერე, რაც პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში რუსული ვაქცინის Спутник V-ს კვლევების მეორე ფაზის შედეგები გამოქვეყნდა, მრავალი კითხვა გაჩნდა ზოგიერთი მონაცემის სტატისტიკური უზუსტობის გამო.

რუსული ვაქცინის შემქმნელებმა კითხვების ავტორები კრემლის ჩვეულ სტილში უხეშად მოიშორეს - "ყველაფერი რიგზე გვაქვს, თქვენ უბრალოდ კითხვა არ იცით". როდესაც მათ კვლევების თავდაპირველი პროტოკოლების გამოქვეყნება სთხოვეს, გამალეის ინსტიტუტმა ამის გასაჯაროებაზე უარი თქვა, რითიც ჩატარებული კვლევის რეალურობაში კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა. საბოლოოდ, Спутник V -ს შემქმნელებმა კვლევის პირველი ორი ეტაპის ბოლო კლინიკური პროტოკოლი მაინც არ გამოაქვეყნეს. რატომღაც საიდუმლოდ ინახავენ მესამე ეტაპის საბოლოო შედეგებსაც. ასევე, როგორც ირკვევა, თავად კვლევის ობიექტები, რომლებიც "დაბრმავებულები" უნდა ყოფილიყვნენ და არ უნდა სცოდნოდათ, ვის შეხვდა პლაცებო და ვის ნამდვილი ვაქცინა, სოციალურ ქსელებში ჩატებს ქმნიდნენ, ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებდნენ და თვითნებურად აბარებდნენ ანტისხეულებზე ტესტებს, რაც თანამედროვე მედიცინის პროტოკოლებით დაუშვებელია. შესაბამისად, მათი მონაცემები "ჭუჭყიანია", რასთან მუშაობას არც ერთი მსოფლიო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია არ გააგრძელებდა. მაგრამ, კრემლს ხომ ეჩქარებოდა...

ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 50-მდე ქვეყანა აპირებს რუსული ვაქცინის 1,2 მილიარდი დოზის შესყიდვას და დიდი იმედით შეჰყურებს რუსეთს. ეს "იმედიანები" ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ ამერიკის რამდენიმე სახელმწიფო, ნიგერია და კიდევ რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ყოფილან. ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან, Спутник V -ს მიმართ ინტერესი მხოლოდ უნგრეთმა გამოხატა. თუმცა, 7 დეკემბერს სოციალური რესურსების მინისტრმა მიკლოშ კაშლერმა განაცხადა, რომ საუბარია არა მასობრივ ვაქცინაციაზე, არამედ მხოლოდ "რუსული მხარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე", რომ კლინიკურ ცდებში 3-4 ათას უნგრელსაც მიეღო მონაწილეობა.

ნოემბრის ბოლოს კი რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდამ მედია სივრცე წალეკა ინფორმაციით იმის შესახებ, რომ Спутник V-ს 1,5 მილიონი დოზის შესყიდვას ისრაელი იწყებს. ეს თემა ნეთანიაჰუს და პუტინის სატელეფონო საუბარშიც კი ყოფილა განხილული. ახლა ირკვევა, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცია ნებართვა რუსული ვაქცინის შემოტანასა და გამოყენებაზე. ამასობაში გავიგეთ, რომ Спутник V არა ისრაელის სახელმწიფომ, არამედ კერძო კლინიკა "ადასა"-მ შეუკვეთა, რომელსაც მოსკოვში ფილიალი აქვს და თავად მონაწილეობდა ამ ვაქცინის კლინიკურ ცდებში. ამ თემის ირგვლივ რუსული პროპაგანდისტული მესიჯები საბოლოოდ კი მაშინ ჩამოინგრა, როცა 9 დეკემბერს, ბენ-გურიონის აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა, რომლითაც ისრაელში Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია ჩაიტანეს. ბორტს თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და ჯანდაცვის მინისტრი ედელშტეინი დახვდნენ. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავად სურს თანამემამულეებს მაგალითი აჩვენოს და პირველი თავად გაიკეთებს ამ ვაქცინას.

ამასობაში, მედიკამენტების კვლევის ევროპული სააგენტოზე კიბერ შეტევა განხორციელდა. ჰაკერებმა Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებული გარკვეული დოკუმენტები მიიღეს. აღმოჩნდა თუ არა მათ ხელში Pfizer-ის კვლევის მონაწილეთა მონაცემები, ჯერჯერობით უცნობია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახლა გამოძიების შედეგებს ელიან და ამის შემდეგ ევროკავშირის კანონმდებლობის გათვალისწინებით მოახდენენ რეაგირებას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ რუსული სპეცსამსახურების მიერ სხვა და სხვა სახელმწიფოსა თუ ორგანიზაციებზე ახლო წარსულში განხორციელებულ კიბერ თავდასხმებს, არც თუ რთული გამოსაცნობია, ვინ დგას ამ თავდასხმის უკანაც...

ნოდარ ქორიძე