ვფიქრობ, რომ თუ საქართველო ანაკლიის პორტს ააშენებს, ეს კარგი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში, ამერიკის ფლოტის ხომალდები საქართველოში ვიზიტს უფრო ხშირად შეძლებენ, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესის საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ საქართველო მიიწვევს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რათა მათ საქართველოში ინფრასტრუქტურა განათავსონ.
„მე არ ვსაუბრობ სამხედრო ძალების მუდმივ განთავსებაზე, როტაციული ძალებს ვგულისხმობ. ეს წაახალისებდა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს, უფრო ხშირად ჩავიდნენ საქართველოში. ასევე, ვისურვებდი, რომ თუ ამის ნებართვას საქართველო გასცემს, აშშ-ს საქართველოში გაეხსნა ბაზა, რომელსაც ვაშინგტონი გამოიყენებდა სირიაში ან ერაყში პრობლემების საპასუხოდ სამხედროების გაგზავნისას. ასეთი ბაზის საქართველოში გახსნა შეიძლება, იყოს სასარგებლო“, - თქვა განაცხადა ბენ ჰოჯესმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მთავარი კი მიზანია, რომ აშშ-მა და ნატო-მ შავ ზღვაში ინიციატივა ხელში ჩაიგდონ და მუდმივად მხოლოდ კრემლის საპასუხოდ არ მოქმედებდნენ.
„პირიქით, კრემლს უნდა ვაიძულოთ რეაგირება ჩვენს ნაბიჯებზე. ეს არ არის პროვოკაციული ქმედება. რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება. რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში იმ პერიოდში შეიჭრა, როდესაც რუსეთის მიმართ ჩვენი მიდგომა ყველაზე რბილი იყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ გერმანიიდან ყველა ტანკი გავიყვანეთ. ამიტომ, რუსეთის პროვოცირებაზე არ უნდა ვინერვიულოთ“, – განცხადა ბენ ჰოჯესმა.