ვისურვებდი, თუ ამის ნებართვას საქართველო გასცემს, აშშ-ს საქართველოში გაეხსნა ბაზა, რომელსაც ვაშინგტონი გამოიყენებდა სირიაში ან ერაყში პრობლემების საპასუხოდ სამხედროების გაგზავნისას, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესის საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა.
ბენ ჰოჯესის თქმით, აშშ-ისა და ნატო-ს მთავარი მიზანი უნდა იყოს შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის ხელში ჩაგდება.
„ვისურვებდი, რომ საქართველომ მიიწვიოს აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რათა მათ საქართველოში ინფრასტრუქტურა განათავსონ. არ მაქვს საუბარი დიდ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ შეიძლება, ეს იყოს საჰაერო ოპერაციების დამხმარე ინფრასტრუქტურა. მაგალითად, თვითმფრინავების საწვავით გამართვა, ასევე, სახმელეთო ძალებისთვის ამუნიციისა და სხვა საჭირო რესურსების მარაგის საწყობი. ვგულისხმობ ნივთებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კრიზისის დროს, ან წვრთნებისთვის“, - თქვა ბენ ჰოჯესმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.