ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ, რუსეთის წინააღმდეგ, დონბასში შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უკრაინის მიერ წარდგენილი სარჩელი და ნიდერლანდების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამა წლის ზაფხულში წარდგენილი სარჩელი გააერთიანა. ნიდერლანდების ხელისუფლების სარჩელი უკრაინაში, დონბასის მახლობლად, Malaysia Airlines-ის ბოინგის განადგურების საქმეს ეხება.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ ნიდერლანდების სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ MH17-ის კატასტროფის საქმეზე ჯერ კიდევ ივლისში დაარეგისტრირა. ნიდერლანდების ხელისუფლების აზრით, რუსეთი პასუხისმგებელია იმ 298 ადამიანის დაღუპვაზე, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ. ასევე, ნიდერლანდების სახელმწიფოს მიაჩნია, რომ კრემლმა ადამიანის უფლებების შესახებ ევროპის კონვენციის რამდენიმე პუნქტი დაარღვია. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს ბრალეულობას და ცდილობს პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. ნიდერლანდების მიერ სარჩელის წარდგენის შემდეგ, რუსეთი იმ კონსულტაციებიდან გავიდა, რომლებსაც ავსტრალიასთან და ნიდერლანდებთან სამმხრივ ფორმატში აწარმოებდა.
Malaysia Airlines-ის თვითმფრინავი Boeing-777, რომელიც კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, 2014 წლის 17 ივლისს "ბუკ"-ის ტიპის რაკეტით უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის არა ერთი ბავშვი. მგზავრების ორი მესამედი ნიდერლანდების მოქალაქეები იყვნენ. ნიდერლანდების ხელისუფლების და საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიება ცხადყოფს, რომ "ბუკი" უკრაინელ სეპარატისტებს რუსეთის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბაზიდან მიაწოდეს, რომელიც კურსკთან მდებარეობს.
იმის გარდა, რომ ეს ტრაგედია ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დღის წესრიგში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს, ამ საქმის ირგვლივ სასამართლო პროცესი ჰააგის საოლქო სასამართლოშიც, 2020 წლის მარტში დაიწყო. ბრალდებულთა შორის ამ ეტაპზე რუსეთის 3 მოქალაქე ფიგურირებს. ამ უნიკალურ პროცესს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს, რადგან როგორც დაღუპულთა ნათესავები, ისევე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებებს მიაჩნიათ, რომ საბოლოო ჯამში, ფაქტების და მტკიცებულებების გამოაშკარავების შედეგად, კრემლის ბრალეულობა ყველასთვის ნათელი გახდება.
რას აკეთებს ამ დროს მოსკოვი და როგორ ცდილობს პასუხისმგებლობას თავი აარიდოს? არა მხოლოდ ღია დეზინფორმაციით, საინფორმაციო ველის დაბინძურებით და საკუთარი უსუსური "ფეიკ" გამოძიებებით. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, სახელმწიფო ბრალმდებელის ტეის ბერგერის მიერ ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადების გაცნობა საკმარისია: "არსებობს მკაფიო ნიშანი იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება, რუსული სპეცსამსახურების მეშვეობით გამოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობს".
თუმცა, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი (JIT) მსოფლიოს პირდება, რომ 2014 წელს მომხდარ ამ საზარელ ტრაგედიასთან დაკავშირებული ყველა პირის ვინაობას დაადგენს, რომელთა შორის არიან უშუალოდ ის ადამიანები, რომლებმაც "ბუკ"-დან გასროლა განახორციელეს, ასევე იცინის, ვინც ბრძანებებს გასცემდნენ.
უკვე წლებია, რუსული სახელისუფლებლო პროპაგანდა ნიდერლანდებს, ავსტრალიას, უკრაინას, მალაიზიას და საერთაშორისო-საგამოძიებო ჯგუფს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. კრემლი ყველა ხერხით ცდილობს საკუთარი მოქალაქეები და დანარჩენი მსოფლიო იმაში დააჯეროს, რომ 298 ადამიანის დაღუპვაში წვლილი არ მიუძღვის, თუმცა, ამის სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სჯერა. რუსი პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი, რომელიც პუტინს "ჰიბრიდულ სტალინს" უწოდებს, "Радио Свобода"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ის, რაც ჰააგის სასამართლოში გაჟღერდება, რა თქმა უნდა, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ვლადიმერ პუტინს.
"ჰააგის სასამართლო ხომ არ არის მოსკოვში მდებარე ბასმანის რაიონული სასამართლო. ჰააგაში სერიოზული არგუმენტები იქნება მოყვანილი, წარდგენილი იქნება თანამგზავრიდან მიღებული ის დასურათება, რაზეც კრემლის პროპაგანდა 6 წელია აბსურდს გვიყვება და შედეგად საკმაოდ დამაჯერებელი სურათი დადგება. ეს ყველაფერი ასეთი დამაჯერებელი რომ არ ყოფილიყო, პროკურორები ამ საქმეს სასამართლო ინსტანციაში არ გაიტანდნენ. მათ აქვთ სათქმელი. და ის, რაც იქ იქნება ნათქვამი, დიდ დარტყმას მიაყენებს ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო პრესტიჟის კუთხით. ის, ისედაც ტოქსიკური ფიგურაა, მის კისერზეა კარის სახელურზე დატანილი საწამლავიც, ლიტვინენკოს სიკვდილის და "ЮКОС"-ის საქმეც. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და მის იმიჯს ურტყამს".
გიორგი ვასაძე