პუტინის რუსეთში, სადაც "მარადმწვანე" პრეზიდენტმა ავტორიტარიზმი საკონსტიტუციო ცვლილებებით უკვე ოფიციალურად გაიფორმა, ინსტიტუტებისა და სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა მხოლოდ ფასადურ ხასიათს ატარებს. პუტინის მიერ დევნილი რუსი ჟურნალისტის, კარინა ორლოვას თქმით: "რუსეთში დღეს არცერთი ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს და ეს არის პუტინის ყველაზე საშინელი მემკვიდრეობა".
მსოფლიო პრესაში რუსი ოლიგარქების უკანონო საქმიანობის შესახებ ცნობებს სულ უფრო ხშირად ვხდებით. მათ სახელებსა და გვარებს კი, უფრო მეტი ქვეყნისა თუ ორგანიზაციის მიერ დაწესებული სანქციების სიაში ვაწყდებით. ასე იმიტომ ხდება, რომ პუტინი ტრადიციული საშუალებების ნაცვლად, საქმეების მოსაგვარებლად ოლიგარქებს იყენებს. საგარეო, ეკონომიკის, თავდაცვის თუ სხვა მინისტრების მაგივრად, კრემლისთვის სასურველ სცენარებს სწორედ ეს ადამიანები ათამაშებენ.
პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები, სპეცსამსახურების ფუნქციებსაც კარგად ითავსებენ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ რუსეთის პრეზიდენტის პირადი მზარეულის, ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" კრემლს ლიბიაში, სირიასა და ცენტრალურ აფრიკაში პოზიციების გამყარებაში ეხმარება. მნიშვნელოვანი ოპერაციების შესრულებას ის სწორედ ალტერნატიულ დაჯგუფებებს ავალებს, რადგან როგორც ჩანს, სპეცსამსახურების იმედი ნაკლებად აქვს. მხოლოდ ერთ წელიწადში რუს ჯაშუშებს არაერთი ქვეყნის დატოვება მოუწიათ, პუტინის მიერ ოლიგარქების კერძო სამხედრო კომპანიებზე შეჩერებული არჩევანიც, ალბათ გარკვეულწილად ამ ყველაფერს უკავშირდება.
თუ ბოლო მოვლენებს გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ 24 იანვარს ბულგარეთმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. 5 ივნისს რუსი დიპლომატებს ქვეყნის დატოვება ჩეხეთმაც მოსთხოვა. პრეზიდენტ ბაბიჩის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში საწამლავ "რიცინის" შეტანის ისტორიასთან იყო დაკავშირებული. როგორც ამბობდნენ, ამ ნივთიერებით ანტირუსული განწყობების მქონე პრაღის მერის მოწამვლა იყო ჩაფიქრებული. 8 აგვისტოს სლოვაკეთმა შპიონაჟის გამო ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევა.
ყოველმხრივი კრიზისა და ოლიგარქების მიერ შესრულებული დავალებების ფონზე, პუტინს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ლეტალური იარაღის გამოყენება უწევს. თანამედროვე რუსულ იმპერიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ისეთივე ბუტაფორიაა, როგორც სხვა ყველაფერი. დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პროცესები აქ უცხო ხილია, ამიტომ ადმინისტრაციას არც პოლიტიკის დაგეგმვის და არც სწორი კომუნიკაციის უნარი აქვს. წესით ოპოზიციის განეიტრალება შესაბამისი მესიჯების მიწოდებით, საზოგადოებისთვის მისაღები გეგმების შემუშავებითა და სწორი პიარ კამპანიითაც შესაძლებელია, მაგრამ პუტინს რა თქმა უნდა ურჩევნია ყველას "დახვრეტის" ბრძანება გასცეს, ვინც მის გაკრიტიკებას გაბედავს.
ვლადიმერ პუტინს ზოგჯერ "ტერორისტადაც" მოიხსენიებენ. მისი პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობების სია იმდენად ვრცელია, რომ ეს სახელი დამსახურებულად შეერქვა. პუტინი წლებია ქვეყნის მართვის სადავეებს ოპონენტების განადგურების, ოლიგარქების უსიტყვო მორჩილების, ინსტიტუტების მოშლისა და ძალაუფლების სრული უზურპაციის ხარჯზე ინარჩუნებს.
თუმცა, ისტორია გვიჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან ავტოკრატები, დიქტატორები და ერთპიროვნული მმართველები, მოღვაწეობას მათთვის ტრაგიკული შედეგებით ასრულებენ. ერთ დღესაც, ვლადიმერ პუტინი ამ კანონზომიერების მსხვერპლი აუცილებლად გახდება.
ქეთევან ყოლბაია