შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არის, დიდ ბრიტანეთში აშშ-ის ელჩის პოსტი სენატონ ჯონ მაკკეინის ქვრივს, სინდი მაკკეინს შესთავაზოს. იუწყება ბრიტანული გამოცემა The Times-ი ბაიდენთან მომუშავე წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, სინდი მაკკეინი ბრიტანეთში აშშ-ის ელჩი გახდება, "თუ იგი ამას დათანხმდება".
წყაროს ინფორმაციით, სწორედ სენატორ მაკკეინის ქვრივს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი ჯო ბაიდენის არიზონის შტატში გამარჯვებაში, რომელიც ტრადიციულად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს აძლევდა ხმას.
სენატორი მაკკეინი სიცოცხლის ბოლო წლებში მკაცრად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს და ეწინააღმდეგებოდა მის ინიციატივებს, ხოლო ბაიდენთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირდება.
66 წლის სინდი მაკკეინი რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელია. ის ასევე ფლობს კომპანია Hensley&Co, რომელიც არიზონის შტატში ლუდისა და სხვა სასმელების უმსხვილესი დისტრიბუტორია.
გამოცემა The Times-ი წერს, რომ სინდი მაკკეინი ბრიტანეთისა და ბრიტანელების მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილია, მას ასევე უამრავი საჭირო კონტაქტი აქვს ბრიტანეთში, თუმცა აღნიშნავს, რომ სინდი მაკკეინს შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი კომპეტენცია ამ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციისთვის.
გამოცემა ასევე წერს, რომ ბრიტანეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კიდევ ერთი კანდიდატი განიხილება, ევროკავშირში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ენტონი გარდნერი.
ამჟამად აშშ-ს ელჩი ბრიტანეთში ტრამპის დანიშნული ვუდი ჯონსონია.