ENG / RUS       12+

პატარა, ამაყი ერი იბრძვის შეშლილი მკვლელის წინააღმდეგ, შუაგულ ევროპაში! და სამყარო ჩუმად არის - სვეტლანა ალექსიევიჩი

რესპოდენტის შესახებ

სვეტლანა ალექსიევიჩი - ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

სვეტლანა ალექსიევიჩი - ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურის დარგში სვეტლანა ალექსიევიჩმა რამდენიმე კვირის წინ ბელარუსი დატოვა და ის ამჟამად ბერლინში მკურნალობს. მან გავლენიან გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა მის სამშობლოში მიმდიარე საპროტესტო აქციებზე, ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებებზე და საერთაშორისო საზოგადოების დახმარების საჭიროებაზე.

სანამდე აპირებთ ბერლინში დარჩენას?

ვიდრე ლუკაშენკა არ წავა. რასაც ის აკეთებს, კატასტროფაა. აგვისტოს არჩევნების გაყალბების შემდეგ, 27 000 ადამიანი დააპატიმრეს: მეცნიერები, პროფესორები, რიგითი მოქალაქეები, მშრომელები, სტუდენტები. ხალხი ყველა ფენიდან. ლუკაშენკა ანადგურებს ქვეყანას.

ბელარუსში თქვენც საფრთხე გემუქრებოდათ?

მე ვიყავი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. თადაპირველად, შვიდნი ვიყავით, მაგრამ ყველა დანარჩენი დააპატიმრეს, ან მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ბოლოს, მე დავრჩი, რომელიც ჯერ კიდევ თავისუფლებაში ვიყავი, როდესაც ჩემი საცხოვრებელი კორპუსის კონსიერჟმა მითხრა - ფრთხილად იყავით, გარეთ ნუ გახვალთ, ქვემოთ ადამიანები გელოდებიან. ამიტომ მე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყვნენ, რათა ჩემი დაკავება არ გაებედათ. ჩემთან მოვიდა ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ელჩი.

ეს საკმაოდ დრამატულად ჟღერს...

ლუკაშენკოს არ აინტერესებს საზოგადოების ფუნქციონირება. ამ დროისთვის, 50 ექიმია დაკავებული მაშინ როდესაც კორონავირუსის პანდემიის თვალსაზრისით დრამატული ვითარებაა და საავადმყოფოები პაციენტებითაა სავსე. მინსკში არის ცნობილი კარდიოლოგი, რომელმაც უარი თქვა იმ ახალგაზრდა ექიმების სამსახურიდან გათავისუფლებაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრაციებში და შედეგად თავად გაათავისუფლეს. გუშინ მივიღე შეტყობინება, რომ მის დასასვენებელ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. მთელი მინსკი გავსებულია ნიღბიანი სპეცრაზმელებით, რომლებიც განურჩევლად აკავებენ ადამიანებს.

ეს არის ჰიბრიდული სამოქალაქო ომი, რომელშიც ლუკაშენკოს მომხრეები საზოგადოების მეორე ნაწილს უპირისპირდებიან.

ვინ არიან მისი მიმდევრები?

არიან ადამიანები, ვინც მას [ლუკაშენკას] მხარს უჭერს, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ ეშინიათ რაიმეს დაკარგვის. თავის იმედებს ის საბჭოთა სისტემის ნარჩენებზე ამყარებს. გაკვირვებული ვარ, თუ რამდენად სწრაფად დაბრუნდა ყველაფერი, საიდუმლო სამსახურის მეთოდები სტალინის ეპოქიდან. მეორე მსოფლიო ომში, ჩვენ დავამარცხეთ ფაშიზმი და მის წინააღმდეგ მყარი იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ. მაგრამ ჩვენ სტალინური მეთოდებისა და გულაგისგან დასაცავად არანაირი ხერხი არ გვაქვს. ძველი დამოკიდებულება, როგორც ჩანს, ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ ამოქმედდეს.

ამ ზაფხულს თქვით, რომ ბელარუსი ხალხი კიდევ ერთხელ შეგიყვარდათ...

ზუსტად მახსოვს, როგორ დაიწყო ეს, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე. იმისათვის, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაგარეგისტრირონ, კანდიდატმა 100 000 ხელმოწერა უნდა წარადგინოს. ერთ დღეს, როდესაც სახლთან ახლოს მდებარე ბაზარში ვიყავი საყიდლებზე, თვალებს არ დავუჯერე: უზარმაზარი რიგი დავინახე ადამიანებისა, ლამის 5-კილომეტრიანი რიგი, რომლებსაც სურდათ ხელმოწერა დაეფიქსირებინათ ვიქტორ ბაბარიკას მხარდასაჭერად, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირება სურდა. ხალხი შორეული ადგილებიდან მოდიოდა ხელმოწერებისთვის და ამბობდნენ, ნებისმიერი, ოღონდ ლუკაშენკა არა. საკუთარ ხალხს ვეღარ ვცნობდი.

Der Spiegel

ცოტა ხნის შემდეგ, ბაბარიკა დააპატიმრეს და აღარ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება...

ლუკაშენკას ყველა მნიშვნელოვანი კონკურენტი ან დააპატიმრეს, ან იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. მაგრამ მათ ნაცვლად კანდიდატების საქმე მათმა ცოლებმა აიღეს საკუთარ თავზე, რამაც ენთუზიაზმის ახალი ტალღები წარმოშვა. სადაც უნდა წასულიყვნენ ეს ქალები, მათ ირგვლივ ათასობით ადამიანი ჩნდებოდა. კაცები ციხეში იყვნენ, ქალები კი მათ კამპანიებს ჩაუდგნენ სათავეში. ადრე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა.

ქალების რევოლუცია...

სვიატლანა ციხანოვსკაიამ თავისი ქმარი ჩაანაცვლა, ვერანიკა ცეპკალომ თავისი ქმარი ვალერი, ბაბარიკას ცოლი გარდაცვლილია, მაგრამ მისი სახელით მისმა კამპანიის მენეჯერმა მარია კალესნიკოვამ გააგრძელა ბრძოლა. ლუკაშენკამ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს ქალებთან და მუდმივად ამცირებდა მათ. მისთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, მსახურობდი თუ არა არმიაში. 

საიდან მოდის ბელარუსი ქალების ძალა?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქალებმა საკუთარ თავებზე აიღეს ოჯახების რჩენა. მაშინ კაცები იმედგაცრუებულები იყვნენ და სვამდნენ. ქალები კი არ დანებდნენ, მოკიდეს ხელი უზარმაზარ ჩანთებს, გადადიოდნენ მეზობელ ქვეყნებში და ყიდდნენ სხვადასხვა ნივთს. შედეგად შეიქმნა ძლიერი სოციალური ქსელი, რომელიც ძირითადად ქალებისგან შედგებოდა. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ქალების ნახვა დემონსტრაციებზე, არც ვიცოდი თუ ბელარუსში ამდენი მშვენიერი ქალი იყო.

არჩევნების შემდეგ მალევე გაირკვა, რომ ის მანიპულირებული იყო. როგორი იყო თქვენი რეაქცია?

ჩვენი საკოორდინაციო საბჭოს იდეა იყო ძალაუფლების აღება ძალადობისა და სისხლისღვრის გარეშე. დემონსტრაციები უნდა ყოფილიყო დღესასწაულები. ამიტომ ყვავილები თან დაგვქონდა, გვინდოდა, შავნიღბიანი კაცებისთვის მიგვეცა. გვსურდა, გაეგოთ, რომ ეს მათი გამარჯვებაც იყო. ბელორუსში ყოველთვის გვქონდა განცდა, რომ ჩვენ ისტორიის მიღმა აღმოვჩნდით. ვის სურს, იყოს საბჭოთა კავშირის ბოლო რესპუბლიკა ევროპაში? უცებ ყველაფერი შეიცვალა. პროტესტი ახალი ერის დაბადებას ჰგავდა.

ლუკაშენკომ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალადობით უპასუხა. ზედმეტად ოპტიმისტი იყავით?

ის და მისი ხალხი ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. მობილიზებული იყო სპეცტექნიკა. მოულოდნელად ყველაფერი დრამატულად შეიცვალა, დაიწყეს სროლა, ვხედავდით როგორც ცვიოდა მომიტინგეებს შორის ცრემლსადენი გაზი. მე მაღალ სართულზე ვცხოვრობ და ფანჯრიდან ვხედავდი, როგორ ცურავდა გაზის ღრუბლები ჩემი ქალაქის თავზე. მესმოდა ხმები, სროლის ხმა, სირენების ხმა. ვტიროდი. შემდეგ გავიგეთ, როგორ ექცეოდნენ ციხეებში ხალხს, როგორ ხდებოდა მათზე ძალადობა. რომ ისინი ქრებოდნენ. დაკავებულთა ნაწილი დღემდე აღარ გამოჩენილა. ეს იყო მეორე დიდი შოკი.

ვინ არიან ის ადამიანები, ვინც სისასტიკეს სჩადიან?

ისინი არ არიან გაწვრთნილი პოლიციელები. ისინი ადამიანები არიან, რომლებსაც აჯანყების ჩაქრობა დაევალათ. და მიეცათ ნებართვა, ჩაიდინონ ყველანაირი სისასტიკე, რასაც მოისურვებენ. ახალგაზრდები, რომლებიც რეჟიმმა აღჭურვა იარაღითა და ძალაუფლებით.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში გავრცელდა ხმები, რომ რუსეთიდან უსაფრთხოების პერსონალიც მონაწილეობდა.

მეც ასე ვფიქრობდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი ხალხი ასეთი სისასტიკით თავს დაესხმებოდა საკუთარ მოსახლეობას. მაგრამ ეს არის რაც მოხდა. ლუკაშენკამ ღიად ჰკითხა თავის ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, იყო თუ არა მზად იმისთვის, რომ გაეკეთებინა ის, რაც "საჭირო იყო". ასევე არიან ახალგაზრდები, რომლებიც სამხედრო უნივერსიტეტში სწავლობდნენ და მათ ჰკითხეს: "მოკლავ შენს საკუთარ მშობლებს ქვეყნის დასაცავად?"

რა მოხდება მომავალში?

ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო აღარ არსებობს. მისი წევრები ან ციხეში არიან, ან ქვეყნიდან გააძევეს ან თვითონ გაიქცნენ. ახალი საბჭო არსებობს, მაგრამ მისი წევრების სახელები საიდუმლოა უსაფრთხოებიდან გამომდინარე. კომუნიკაცია ხდება სოციალური ქსელების საშუალებით. მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ დასავლეთში ხალხს არ ესმის, რა ხდება ბელორუსში. რასაც ჩვენ განვიცდით არის სასტიკი ძალადობა უდანაშაულო ადამიანების მიმართ. ციხეები ხალხით არის გადავსებული, რომელთა ერთადერთი დანაშაული დემონსტრაციებში მონაწილეობაა. სისტემატურად ამცირებენ ხალხს. ტუალეტებში ხშირად არ არის წყალი და ხუთი ადამიანისთვის განკუთვნილი საკნებში 35 ადამიანი ადამიანები ფეხზე დგანან და ისე იძინებენ. მე მხოლოდ სტალინის ეპოქიდან ვიცი ასეთი ისტორიები.

ცდილობენ სისტემატურად გატეხონ ხალხი. ჩემს ქვეყანაში ძალიან ბევრი ცუდი რამ მინახავს, მაგრამ მაინც გაოცებული ვარ იმით, რაც ბელარუსში ხდება.

პატარა, ამაყი ქვეყანა იბრძვის შეშლილი მკვლელის წინააღმდეგ, სწორედ შუაგულ ევროპაში! და სამყარო ჩუმად არის. რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ამ ხალხს? მათ ახალი არჩევნები სურთ. მათ სურთ აშკარად გაყალბებული არჩევნების შედეგები გაუქმდეს. და რას ამბობს ლუკაშენკო? არა, მე არ დავთმობ ჩემს საყვარელს.

მართლა ამბობს ასეთ რამეებს?

დიახ, ის ასე ხედავს ბელარუსს. მან ქვეყანა საკონცენტრაციო ბანაკად აქცია. ამ ფონზე უნდა ვთქვა, რომ სანქციები საკმარისი არ არის.

რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს?

ევროკავშირის სანქციები კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. სამთავრობო ჩინოვნიკებზე მოგზაურობის აკრძალვები მათზე რეალურად არ მოქმედებს, რადგან მათი ოჯახებს კვლავ შეუძლიათ მოგზაურობა. ლუკაშენკამ ისედაც აუკრძალა თავის მაღალჩინოსნებს ქვეყნის დატოვება, ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის ბელორუსის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გათიშვა. ნავთობპროდუქტების ინდუსტრია მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ამიტომ სანქციები შეიძლება გამოყენებულ იქნას იქაც. ეს ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. ლუკაშენკა უძლური იქნებოდა იმ პროტესტის წინააღმდეგ, რომელიც შემდეგ იფეთქებს. ჩვენ გვსურს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რასაც ლუკაშენკა ვერ წარმოიდგენს. მას სჯერა, რომ პრეზიდენტი ოფისი მას ეკუთვნის.

ახლა ის ერთადერთი არ არის, ვინც ასე იქცევა...

დიახ, ეს გადამდებია, მაგრამ აშშ დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით. ბელარუსი კი არ არის. თუ საქმე ისე გაგრძელდა, როგორც ახლა, ლუკაშენკა დაგვამარცხებს.

თქვენ ახსენეთ ახალი ერის დაბადება, როგორა ეს ერი? აქამდე საპროტესტო მოძრაობებში დასავლეთთან მჭიდრო კავშირების მოთხოვნები არ გაჟღერებულა, როგორც მაგალითად უკრაინაში, ნარინჯისფერი რევოლუციის დროს...

მართალია. ჩვენ დასავლეთისკენ ვესწრაფვით, მაგრამ ამ პროტესტების ძირითადი ფოკუსი დიქტატორის ჩამოშორება იყო. ახალი ბელარუსი ზაფხულში გამოჩნდა როგორც დემოკრატიული ქვეყანა, დანარჩენი კი მოგვიანებით იქნება.

ამ ეტაპზე ორ ჯგუფს ვხედავთ, ერთ-ერთი არის აგრესიული, ხოლო მეორე ამ აგრესიული ჯგუფის სამიზნეა. საუკეთესო შემთხვევაში ეს ჩიხია

თუ ეკონომიკური კატასტროფა მოხდება და პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს, ჩვენ შეიძლება ახალ წერტილში აღმოვჩნდეთ, საიდანაც შეიძლება ახალი რამ წარმოიშვას. ალბათ, რუსეთი არ დაუშვებს ჩვენს დასავლურ ორიენტაციას, მაგრამ ჩემთვის ესეც კი მისაღებია. ყველაფერი უკეთესი იქნება, ვიდრე ახლა არსებული მდგომარეობა.

და ასე თუ არ მოხდა?

ლუკაშენკა ყველაფერზეა წამსვლელი. შემიძლია წარმოვიდგინო ქვეყნის სრული დაქსაქსვა, ქაოსი, სამოქალაქო ომი.

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

ახლა ბელარუსი შეიარაღებული ქვეყანაა. ყველა დანაყოფი მობილიზებულია ოპოზიციის ჩახშობისთვის. გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიაა. შედეგად შეიძლება უკონტროლო ვითარება მივიღოთ. ახლა ამ სპეცრაზემელებს ერთმანეთთან მათ მიერ დაღვრილი სისხლი აკავშირებთ. მათ ეშინიათ ახალი მთავრობის, იმ ანგარიშსწორების გამო, რომელსაც შეიძლება მოელოდნენ. დანაშაული, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში დააგროვეს, არის ის, რაც ამ ახალგაზრდა სპეცრაზმელებს აკავშირებთ.

გიჭირთ აქ ბერლინში ყოფნა იმ დროს, როდესაც თქვენი ქვეყნის მომავალი წყდება?

რომ დამაპატიმრონ ჩემი ჯანმრთელობის გამო გამიჭირდება ციხეში ყოფნა. ამ ეტაპზე, სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია.

თქვენს შესახებ რას ფიქრობთ? მზად ხართ გარდამავალი პრეზიდენტის ფუნქცია იტვირთოთ?

ამაზე ხშირად მომისმენია, მაგრამ სერიოზულად არასდროს მიფიქრია. მე ვარ მწერალი და არა პოლიტიკოსი. პოლიტიკისთვის საჭიროა განსხვავებული უნარ-ჩვევები, რომელსაც მე არ ვფლობ.

თქვენ არ ხართ ერთადერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურა რუსულენოვანი სამყაროდან, რომელიც ამჟამად ბერლინში იმყოფება. კავშირი გაქვთ ალექსეი ნავალნისთან?

არა

რუსეთის ოპოზიციის სხვა წევრებთან?

ზაფხულის განმავლობაში მივმართავე რუს ინტელიგენციას. "ხალხი ნადგურდება თქვენს თვალწინ. რატომ დუმხართ?" ათი ადამიანი გამოეხმაურა, მამაცი დემოკრატები. მაგრამ მხოლოდ 10.

როგორ ახსნით ამას?

განცდა, რომ მიმდებარე ქვეყნები სინამდვილეში რუსეთის იმპერიას ეკუთვნიან, ღრმად არის ფესვებგადგმული რუს ხალხში.

ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ბევრგან არის არეულობა - ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, ყირგიზეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი. რატომ მაინცდამაინც ახლა, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 3 ათწლეულის შემდეგ?

იმპერია დასუსტდა და კომუნისტური ელიტები ნელნელა ყველგან სულს ღაფავენ. ახლა, ვისაც ძალაუფლება სურს, ერთმანეთს ებრძვის. ეს არის უზარმაზარი ქვაბი, რომლის შიგნით ყველაფერი ირევა: ძველი კომუნისტები, ახალი კაპიტალისტები.

ჩვენი ინტერვიუს დასაწყისში თქვენ თქვით, რომ ბერლინში დარჩებით მანამ, სანამ ლუკაშენკო იქნება ხელისუფლებაში. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მალე დაბრუნებას?

რატომღაც მაქვს განცდა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. არა მგონია, ლუკაშენკამ შეძლოს ხალხის ენერგიის სამუდამოდ დაშრეტვა. მისი დრო ამოიწურა. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ საერთაშორისო საზოგადოება დაგვეხმარება.

წყარო: Der Spiegel