მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ოპოზიციაშია გაერთიანებული ან არის პოლიტიკურ ველზე და სააკაშვილს მაინცდამაინც ლიდერად არ მიიჩნევს, შეაფასონ მისი ეს ქცევა, მისი ეს განცხადებები, დაადასტურონ, რომ ეს მისაღებია ან გაემიჯნონ მათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გუშინ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი კოქსი არის რუსეთის აგენტი, ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი, ხოლო საპარლამენტო ასამბლეის დადებითი დასკვნა 31 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ტოლფას დასკვნად გამოაცხადა", - თქვა წულუკიანმა.
მისი თქმით, ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის უკვე ტრადიციად ქცეული ანტიდასავლური არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა.
"ჩვენ როცა შევალთ პარლამენტში, უკვე პარლამენტიდან შევებრძოლებით იმას, რომ ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანაში არავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ გააღვივოს ანტიდასავლური გრძნობები და აჩვენოს თუ როგორი ქცევა შეიძლება ანტიდასავლური პოლიტიკაში. დასავლეთისადმი ნიჰილიზმი არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს. მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ოპოზიციაშია გაერთიანებული ან არის პოლიტიკურ ველზე და სააკაშვილს მაინცდამაინც ლიდერად არ მიიჩნევს, შეაფასონ მისი ეს ქცევა, მისი ეს განცხადებები, დაადასტურონ, რომ ეს მისაღებია ან გაემიჯნონ მათ. საინტერესო იქნება "იპიპის" შეფასება, რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა". არის ნამდვილად მოცემული დეპუტატი ან სხვა ევროპული ინსტიტუტები "ეფესბეს" კმაყოფაზე მყოფი აგენტები თუ არა? ძალიან მაინტერესებს "იპიპის" აზრი. "ქართულ ოცნებას" რაც შეეხება, ჩვენ ვრჩებით იმ არჩევანის ერთგული, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც კონსტიტუციით გამყარდა და ეს არის ურყევი არჩევანი, რომელსაც ახალი მთავრობის პირობებში მთელი ხელისუფლება მოვემსახურებით, როგორც ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ამას ვაკეთებდით, როცა 13 წელს გადმოგვეცა უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმა და უამრავი რეფორმა განვახორციელეთ ამისთვის, როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე აგვყავდა თანამშრომლობა. უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე ჩვენმა მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ აიყვანა ნატო-სთან თანამშრომლობა, ეს გაგრძელდება, მაგრამ, მეორე ხელით, ჩვენ ყველა უნდა ვებრძოლოთ ანტიდასავლურ ქცევებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ქცევების გაბანალურების მცდელობას, რადგან ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა", - განახცადა თეა წულუკიანმა.