ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის უკვე ტრადიციად ქცეული ანტიდასავლური არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა.
"გუშინ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი კოქსი არის რუსეთის აგენტი, ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი, ხოლო საპარლამენტო ასამბლეის დადებითი დასკვნა 31 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ტოლფას დასკვნად გამოაცხადა. ისმის კითხვა, რამ გამოიწვია თავდასხმა ერთ-ერთ საერთაშორისო ინსტიტუტზე? ალბათ იმან, რომ ამ ინსტიტუტის დასკვნა უბრალოდ არ დაემთხვა მის მიერ ტირაჟირებულ ყალბ რეალობას, თითქოს მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა "ქართულმა ოცნებამ".
ევროსაბჭოს დელეგაციამ თქვა ის რეალობა, რაც არის, რომ მშვიდობიან პირობებში ჩატარდა არჩევნებიო, რაც სააკაშვილს არ მოსწონს, მას არ მოსწონს მშვიდობა. მას სხვა გეგმები ჰქონდა და ეს გეგმები ჩაიფუშა. საპარლამენტო ასამბლეამ თქვა ის რეალობა, რომ "ქართული ოცნება" არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რაც სააკაშვილის მოსაწონი არ აღმოჩნდა. თუ ანალოგიით ვიმსჯელებთ, ამით სააკაშვილმა ასევე რუსეთის დასკვნად გაასაღა არამხოლოდ ამ ასაბლეის შეფასება, 31 ოქტომბრის არჩევნებისა, არამედ ყველა დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ერთი და იმავე შეფასებებს, ეს არის ეუთო/ოდირი, სახელმწიფო დეპარტამენტი, დასავლეთის ქვეყნების საელჩოები, ეს არის საგანგაშო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა, ეს არის ასე და ვერ იქნება სხვანაირად.