"ოპოზიციას არ აქვს არავითარი წონადი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. იყო ხარვეზები, რომელიც გასწორდა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა "ქრონიკაში" განაცხადა.
"ქუჩის პროტესტის გამოყენებას არავის უშლიან, დღეს დავინახეთ მათი შეთხელებული რიგები, თუმცა მშვიდობიანი პროტესტი. მათ შეუძლიათ, კიდევ უფრო შეთხელებული რიგებით ატარნო აქცია. ეს უზრუნველყოფილია კონსტიტუციით და ყველა აქციზე, რომელიც არის მშვიდობიანი, დაცული უნდა იყოს დისტანცია, გაიკეთონ პირბადე. ჩემი ვალია, რომ ეს ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს. ყველა პროტესტზე მაღლა დგას მათი სიცოცხლე, მაგრამ ეს მშვიდობიანი პროტესტი შეუძლიათ, განაგრძონ. პოლიტიკური ექსტრემიზმი სხვა რამეა - როდესაც შენ მოდიხარ და ამბობ - მე არაფერზე არ ვთანმხდები, თუ არ ჩაატარებ ახალ არჩევნებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ახალი არჩევნები არ არის დღის წესრიგში.
"ქართველი ხალხის ნებაა მრავალპარტიული პარლამენტი და ეს მანდატები მათ გარანტირებულად უდევთ ჯიბეში. მათ არ აქვთ არავითარი წონადი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. იყო ხარვეზები, რომელიც გასწორდა. თუ ეგულებათ სადმე ხარვეზი, დაადონ რომელიმე უბანს ხელი, გადაითვლება. თუ მათ აქვთ რაიმე ტიპის ეჭვი, ვნახოთ ვიდეომასალა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.