შვეიცარიაში, ჟენევაში გამართულ Sotheby's-ს აუქციონზე იშვიათი ვარდისფერი შეფერილობის ბრილიანტი 26.6 მლნ დოლარად გაიყიდა.
14.8-კარატიანი ბრილიანტი, სახელად "ვარდის სული", ყველაზე მსხვილკარატიანი ვარდისფერი ბრილიანტია, რომელიც ამ დრომდე აუქციონებზე გაყიდულა. ამ დროისთვის, მსოფლიოში არსებული ვარდისფერი ბრილიანტების 99% 10 კარატს ქვემოთაა.
როგორც აუქციონის ორგანიზატორები იუწყებიან, ბრილიანტის ესოდენ მაღალ ფასში გაყიდვა მისმა ზომამ, თვალისმომჭრელმა შეფერილობამ და უზადო შინაგანმა სტრუქტურამ განაპირობა.
მყიდველის ვინაობა საჯაროდ არ გახმაურებულა.
ვარდისფერი ბრილიანტი ერთ-ერთი ნაწილია რუსული მომპოვებელი კომპანიის, Alrosa-ს მიერ იაკუტიის საბადოებში მოპოვებული ალმასისა, რომელსაც სახელგანთქმული რუსი-პოლონელი ბალერონისა და ქორეოგრაფის ნიჟინსკის სახელი უწოდეს.