9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვების დარღვევა ფიზიკური პირებისთვის 2000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, იურიდიული პირებისთვის კი ჯერჯერობით უცნობია.
გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.
ეს შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით:
• საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;
• ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე;
ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები;
ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.