ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებამ 8 ნოემბერს დაანონსებული აქციის წინააღმდეგ შესაძლოა სხვადასხვა რეგულაცია დააწესოს.
კაპანაძის თქმით, სავარაუდოა, რომ ხელისუფლება გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, რადგან მას აღელვებს დაანონსებული აქცია.
"სანამ პანდემია დაიწყებოდა, ივანიშვილმა შექმნა ეკონომიკური კრიზისი. შემდეგ მის მიერ შექმნილ კრიზისს თან დაერთო პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი და კიდევ უფრო გამძაფრდა ეკონომიკური კრიზისი და ამ არჩევნების შემდეგ, ამას დაამატა პოლიტიკური კრიზისიც. ამიტომ, ის ახლა არის მდგომარეობაში, როდესაც ყველა მიმართულებით აქვს შექმნილი კრიზისი - პოლიტიკის, ჯანდაცვის, ეკონომიკის და რა თქმა უნდა, კრიმინალის კუთხითაც.
ის ფაქტი, რომ ახლა დაგეგმილია დიდი აქცია და ეს მას აღელვებს, ყველამ კარგად ვიცით. გამოიყენებს თუ არა ამ კრიზისულ ვითარებაში მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, რომელიც უკონტროლო ბერკეტებია, ეს ადვილი გამოსაცნობია - ალბათ კი. ვიცით, რომ მთავრობამ ეს ბერკეტი მიიღო პარლამენტისგან, როცა უნდა გამოიყენებს შეზღუდვებს. ამის პოლიტიკური კრიზისის წინააღმდეგ გამოცნობის საფრთხე არსებობს. სწორედ ეს არის ამ ქვეყნის საფრთხე ამ ეტაპზე, რომ ივანიშვილს შეუძლია ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოიყენოს ოღონდ თავისი პოლიტიკური ტყავი გადაირჩინოს. ეს მას არ გაუვა, როგორც ახლა დარჩა პარლამენტში მარტო თავის ხოტბის შემსხმელებთან ერთად, ისე დარჩება სრულ იზოლაციაში საზოგადოებისგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან", - განაცხადა კაპანაძემ.