დიდი ბრიტანეთი იზიარებს საერთაშორისო სადამაკვირვებლო მისიების შეფასებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამის შესახებ მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრი ვენდი მორტონი.
"ბრიტანეთი ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.
მოვუწოდებთ მხარეებს მე-2 ტურის სამართლიანად და კანონის დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება გლობალურ მისწრაფებებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებას იზიარებენ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირი.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია უბნების 100%.
არჩევნების პროპორციული შედეგები პარტიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
ქართული ოცნება – 48.15%
ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
ევროპული საქართველო – 3.78%
ლელო – 3.15%
სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
გირჩი – 2.86%
მოქალაქეები – 1.33%
ლეიბორისტული პარტია – 1%
30 მაჟორიტარული ოლქიდან 14-ში "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა გამარჯვება, 16-ში მეორე ტური გაიმართება.
ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.