ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ ახალი პარლამენტის არჩევაში, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყნის მთავარ გადაწყვეტილებებზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმირებასა და არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებას COVID-19 პანდემიის გამო შექმნილ რთულ პირობებში.
ამომრჩეველთა აქტივობამ (56%) აჩვენა, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობას აღელვებს ქვეყნის მომავალი.
საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, არჩევნები კონკურენტული იყო და, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და დემოკრატიული სტანდარტები, თუმცა მოხდა გარკვეული დარღვევები და ინციდენტები, რომელთა გამოძიება აუცილებელია.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ (რომელიც ჩატარდება 2020 წლის 21 ნოემბერს), ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გაითვალისწინონ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაკეთებული შენიშვნები და დარწმუნდნენ, რომ არჩევნების მეორე ტურის ორგანიზება და მომავალი შედეგები ეჭვს არ გამოიწვევს.
ჩვენ მივიჩნევთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით.
ახალმა საარჩევნო სისტემამ გაზარდა პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ნდობა დემოკრატიული პროცესისადმი.
ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესება საშუალებას მისცემს პოლიტიკურ აქტორებს ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში.
ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ჩამოყალიბებული მმართველი უმრავლესობა დაუყოვნებლივ განახორციელებს შემდგომ რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების გზით.
ლიეტუვა მზად არის გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას".