„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, გამოავლინეს ე.წ. „კარუსელის“ რამდენიმე ფაქტი. კერძოდ:
• მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.03 უბანზე დაფიქსირდა ერთიდაიგივე ამომრჩევლის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემისა და ყუთში ზედმეტი კონვერტების ჩაყრის ფაქტები;
• ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის N14.23.55 უბანზე დაფიქსირდა მარკირების შემოწმების პროცედურის გარეშე უბანზე შესვლის ფაქტი, ასევე ერთიდაიგივე ამომრჩევლის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის ფაქტი. ამასთან ერთად, კომისიის თავმჯოდომარემ და მდივანმა არ მიიღეს დამკვირვებლის საჩივარი რეგისტრაციაში;
• ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N14.23.55 უბანზე შედიან არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც ამომრჩევლებთან ერთად ასევე შედია კაბინაში. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ უბანზე ამომრჩეველს არ უკეთდება მარკირების პროცედურა და ადგილი აქვს ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემას;
• მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N13.22.02 უბანზე ჩანაწერთა წიგნში მითითებული გადასატანი ყუთის ლუქის ნომერი არ ემთხვევა რეალურად გადასატანი ყუთის ლუქის ნომერს;
• ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის N26.67.47 უბანზე კომისიის რეგისტრატორი წევრი შეგნებულად არ აწერდა ხელს ბიულეტინზე ამომრჩევლის რეგისტრაციისას.
• სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N05.06.36 უბანზე გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავი;
• სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N05.06.35 უბანზე გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავი;
• მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N13.22.83 ამომრჩეველთა სიის კედლის ვერსიაში მითითებული ამომრჩევლის გვარის გასწვრივ მიწერილია, რომ ამომრჩეველი იმყოფება საზღვარგარეთ, თუმცა მოცემული ამომრჩევლის გრაფაში გაკეთებულია ხელმოწერა.
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა. კერძოდ, არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოვებელ გარემოში ჩატარებას და ამომჩეველის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშატაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობულური ჯგუფი.
დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ, მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები ასპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე ამოწმებენ საარჩევნო უბნებს.
ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში მუშაობს იურისტთა ჯგუფი, რომელიც საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად უწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთვება საჩივრის მომზადების პროცესში.