ENG / RUS       12+

"ნორდ-ოსტი" - მძევლების ისტორია, რომლებმაც კრემლის სპეცოპერაციის შედეგად სამუდამოდ დაიძინეს

2003 წლის 20 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ადამიანები "არა გაზის მოქმედების შედეგად დაიღუპნენ", რომელიც მისი თქმით იყო უვნებელი, არამედ გახდნენ "სხვადასხვა გარემოების მსხვერპლნი".

ერთ-ერთი დაღუპული გოგონას მამა იხსენებს -"როდესაც ტერორისტებთან ექიმი ლეონიდ როშალი შევიდა, როცა გამოვიდა, თქვა რომ დარბაზში ძალიან ბევრი ბავშვია და მათ შორის ავადმყოფებიც არიან. ეს იყო ერთგვარი სიგნალი ხელისუფლებისთვის: ზომები მიიღეთ, გადაარჩინეთ! მაგრამ ხელისუფლება არანაირ ნაბიჯებს არ დგამდა. მას მერე, რაც პუტინმა თქვა, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება, მეორე ბიუდონოვსკი არ მოხდება, ჩვენ მივხვდით, რომ არაფერს არ გააკეთებენ. ხელისუფლების იმიჯი უფრო მნიშვნელოვანია".

კრისტინას მამა ამბობს, რომ მაშინ, ტერორისტებმა მძევლების მეშვეობით დატოვეს შეტყობინება, რომ ნათესავებმა შეკრიბონ მიტინგი წითელ მოედანზე და მოითხოვონ ჩეჩნეთში ომის დამთავრება და ამ შემთხვევაში, ბავშვებს გაუშვებდნენ. "ჩვენ გამოვედით, მაგრამ ხელისუფლებამ წითელ მოედანზე არ გაგვიშვა".

დღეს არის დღე, როდესაც 119 ადამიანი, ერთი ლამაზი რუსული მიუზიკლის სანახავად მივიდა, მაგრამ მალევე მათ უბრალოდ დაიძინეს და ვეღარ გაიღვიძეს. ამ ადამიანებმა დღემდე გასაიდუმლოებული მომწამვლელი ნივთიერება შეისუნთქეს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 17 წლის წინ, მოსკოვში, დუბროვკაზე მდებარე თეატრალური ცენტრის შტურმის დროს გამოიყენა. 

2003 წლის 23 ოქტომბერს, ტერორისტების ჯგუფი, მოვსარ ბარაევის ხელმძღვანელობით, დუბროვკაზე მდებარე თეატრალურ ცენტრს თავს დაესხა. ამ დროს პოპულარული მიუზიკლის "ნორდ-ოსტი"-ის პირველი მოქმედება მიმდინარეობდა. მათ მძევლად 900-ზე მეტი ადამიანი აიყვანეს.

ტერორისტებს, რომელთა შორის შაჰიდი ქალებიც იყვნენ, რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა იყო. რუსეთის ხელისუფლებამ ორი შტაბი შექმნა-სამოქალაქო და სამხედრო, რომელთაც ერთმანეთთან კოორდინაცია უნდა ჰქონოდა.

26 ოქტომბრის 5 საათსა და 10 წუთზე, იმ დარბაზში, სადაც მძევლები და ტერორისტები იმყოფებოდნენ, ძალოვნებმა სავენტილაციო მილებით გაზი შეუშვეს, რის მერე სპეცრაზმმა თეატრალური ცენტრის შტურმი და ბოევიკების ლიკვიდაცია დაიწყო. ამ ოპერაციის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, სულ 130 მძევალი დაიღუპა, უშუალოდ ტერორისტების მოქმედებების შედეგად კი 5 ადამიანი. მომწამვლელი ნივთიერების შესუნთქვის შედეგად მძევლებმა გონება დაკარგეს.

ძალოვნებმა "სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე" სამოქალაქო შტაბი, რომელსაც ლუჟკოვი ხელმძღვანელობდა, მედიკოსები და მაშველები წინასწარ არ გააფრთხილეს, მილიციამ კი ახლომდებარე ქუჩები არ გაწმინდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები თეატრალურ ცენტრთან მხოლოდ 06:30 საათზე გამოჩნდნენ. ევაკუაცია სამი საათით გაიწელა, დარბაზში "მძინარე" ადამიანები არა კვალიფიცირებული მედიკოსებს, არამედ ძირითადად მილიციონერებს და სპეცრაზმელებს გამოყავდათ.

სხეულების არასწორი განთავსების გამო ბევრს ასფიქსია განუვითარდა. სასწრაფო დახმარების მანქანები მომიჯნავე ქუჩებზე იდგნენ, მაგრამ ადგილამდე უბრალოდ ვერ მივიდნენ, რადგან ექსკავატორებმა და ბულდოზერებმა გასასვლელები ჩახერგეს. გაზის გამოყენების შესახებ ძალოვნებმა მხოლოდ 13:00 საათზე განაცხადეს, ასე რომ მანამდე ექიმებმა არც კი იცოდნენ როგორ გამოეყვანათ ადამიანები მდგომარეობიდან.

მსხვერპლთა უმრავლესობა ავტობუსებში ერთმანეთზე დააწვინეს, მაგალითად ერთი 14 წლის გოგო უბრალოდ სხეულების სიმძიმემ გასრისა, უმეტესობა კი იმიტომ ვერ გადარჩა, რომ ექიმები არ იყვნენ გაფრთხილებულები იმის შესახებ, თუ რა ნივთიერება იყო მძევლების ორგანიზმში ან რა ანტიდოტი იყო საჭირო მათ გადასარჩენად. იყო შემთხვევებიც, როდესაც სიჩქარეში, ექიმები ზოგ მძევალს ისედაც დაგვიანებით ანტიდოტს ორჯერ უკეთებდნენ, ზოგს კი არც ერთხელ, რადგან უბრალოდ ერეოდათ. ამ გაზის სახელწოდება დღემდე გასაიდუმლოებულია, ხოლო ქიმიკოსმა, რომელმაც ის შექმნა, პრეზიდენტის საიდუმლო ბრძანებით, "ნორდ-ოსტის" შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიიღო. 

კრემლის მედიამ ეს სპეცოპერაცია რუსული სახელმწიფოს დიდ წარმატებად მაშინვე შერაცხა. თუმცა, დღემდე, მსხვერპლთა ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ სანქცირებული "წარმატებული" შტურმის შემდეგ, არ იყო დროულად დაწყებული სამაშველო ოპერაცია, არ იყო მობილიზებული ახლომდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ექიმებმა ვერ იმუშავეს. მაგრამ, კრემლისთვის მთავარი ის იყო, რომ ყველა ტერორისტის-40 ადამიანის ლიკვიდაცია მოხდა. მაგრამ იყო კი ეს წარმატებული შტურმი, როდესაც ხელისუფლება მხოლოდ ტერორისტების ლიკვიდაციაზე, სახელმწიფოს იმიჯის შენარჩუნებაზე ფიქრობდა, მძევლების სიცოცხლე კი რეალურად ქვეყნის მმართველებს არ ადარდებდათ. როგორც ყოველთვის, სტალინის ეპოქის საუკეთესო ტრადიციებისამებრ, ამ ადამიანების შეწირვა "თანმდევ ეფექტად" განიხილებოდა. 

შტურმის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაიწყო ტერორისტების თანამზრახველების ძებნა, დეტალების დადგენა და სხვა. თუმცა გამოძიებამ არ გასცა პასუხი კითხვაზე-რატომ მოხდა ისე, რომ ამდენი უდანაშაულო ადამიანი არა ტერორისტების ხელით, არამედ ძალოვნების მოქმედების შედეგად დაიღუპა. რატომ ვერ მოხდა მათი გადარჩენა? რა მომწამვლელი გაზი იყო გაშვებული დარბაზში? რუსეთის ხელისუფლებამ არა თუ არ უპასუხა ამ კითხვებს, არამედ გაასაიდუმლა ამ გაზის წარმომავლობა, დასახელება და ყველა დეტალი.

საქმის გამოძიების დასკვნაში კი დაწერეს, რომ სიკვდილი დადგა სასუნთქი ორგანოებისა და გულის უკმარისობის შედეგად, რაც გამოწვეული იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის არასახარბიელო ფაქტორებით, რომლებიც შეიქმნა მძევლად ყოფნის დროს 2002 წლის 23 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, მძიმე ემოციური სტრესის, შენობაში ჟანგბადის მცირე რაოდენობის, სხეულის უძრაობის, უწყლობის, უძილობის და ასევე, არა იდენტიფიცირებული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, რომელიც სამართალდამცველმა ორგანოებმა მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს გამოიყენეს.

დასკვნაში წერია, რომ მძევლების გარდაცვალება მრავალმა ფაქტორმა გამოიწვია, და გამოირიცხება პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ნივთიერებით მოწამვლასა და სიკვდილს შორის. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მძევლები დაიღალნენ, გამოიფიტნენ ერთ ადგილზე ჯდომით და თან გაზი შეისუნთქეს. რას ვიზამთ, ყველამ ვერ გაუძლო - ვისაც გაუმართლა, გადარჩა. დაღუპულების გარდაცვალების მიზეზებში კი დაწერეს - "ტერორიზმის მსხვერპლი"... იმ მძევლებს კი, რომლებიც გადარჩნენ და რომლებსაც უბრალოდ გაუმართლათ, სიცოცხლის ბოლომდე მძიმე დაავადებები შემორჩათ. ზოგი პარალიზებულია კიდეც.

როგორც, "ნორდ-ოსტის" ერთ-ერთი მსახიობი ალექსანდრა როზოვსკაია, იმ ხანად 16 წლის მძევალი გოგონა დღეს იხსენებს, მათთან ერთად იყო ავღანეთგამოვლილი სამხედროც. როდესაც ტერორისტებმა შენობა აიღეს, მან თქვა: "ჩვენ არ გადაგვარჩენენ". და ის მართალი იყო. ასე ფიქრობს დღეს როზოვსკაიაც და სხვა ბევრი ის ადამიანი, რომლებმაც საბოლოოდ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

2011 წელს, დაღუპულთა ოჯახების წევრების და ყოფილი მძევლების საჩივრის საფუძველზე კი, ადამიანის უფლებების სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ის დანაშაული დაადგინა, რომელიც რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინა. სტრასბურგმა ჩათვალა, რომ სპეცსამსახურებმა ტერორისტული აქტის არ დასაშვებად არაეფექტურად იმუშავეს და მძევლების სიცოცხლე სათანადოდ არ დაიცვეს.

შტურმამდე, მძევლების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, შენობაში შედიოდნენ სამოქალაქო პირები - ცნობილი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეეები. მათ შორის იყვნენ ანა პოლიტკოვსკაია, ლეგენდარული პედიატრი ლეონიდ როშალი, მომღერალი იოსიფ კობზონი, ირინა ხაკამადა და სხვები. ახერხებდნენ მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების შეტანას, შეუძლოდ მყოფების და ბავშვების, უცხო ქვეყნების მოქალაქეების გამოყვანას.

როგორც მოგვიანებით, აწ უკვე გარდაცვლილი ბორის ნემცოვი ამბობდა, ისიც და ირინა ხაკამადაც საბოლოოდ დაბლოკეს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირდაპირი ბრძანებით, ისევ და ისევ ხელისუფლების იმიჯის დაზიანების შიშით. არ უნდოდათ, რომ ოპერაციის წარმატებით დასრულება ვინმესთვის ქულების მომტანი ყოფილიყო... ანა პოლიტკოვსკაია, გმირი რუსი ჟურნალისტი, რომელიც წლების შემდეგ რუსეთმა სწორედ ასეთი შეუპოვრობისთვის და გმირობისთვის დასაჯა, ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ბავშვების გათავისუფლებისთვის მიეღწია, საკუთარი სიცოცხლის ფასად თვითმკვლელ ტერორისტებთან ისე შევიდა, რომ არც იცოდა, გამოვიდოდა თუ არა თავად ცოცხალი.

მოგვიანებით, იმ მასალებში, რომელიც ამ ტრაგიკულ მოვლენებს მიუძღვნა, იხსენებდა, როგორ მოახერხა, რომ ტერორისტებისგან მძევლებისთვის წყლის და წვენების შეტანის უფლება მიეღო. აღმოჩნდა, რომ როდესაც ამის უფლება მისცეს და გახარებული გარეთ გაიქცა, რათა ეს ძვირფასი საქმე გაეკეთებინა, სახელმწიფო სტრუქტურებმა ესეც კი ვერ უზრუნველყვეს და ფული გარეთ მყოფმა ჟურნალისტებმა და მეხანძრეებმა შეკრიბეს, ხოლო ძალოვნები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, მიეცათ თუ არა პოლიტკოვსკაიასთვის შიგნით დაბრუნების საშუალება...

"Новая Газета"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მოსკოვის სამაშველო ჯგუფის უფროსი შაბალოვი შოკისმომგვრელ დეტალებს იხსენებდა. მისი თქმით, სამაშველო სამსახურს შტურმის დღეს გამოძახება არ მიუღია. საკუთარი გუმანით, მაშველები მიხვდნენ, რომ საქმე შტურმისკენ მიდიოდა და თავად დაიწყეს სხვადასხვა რაიონებიდან დუბროვკასთან ახლოს შეკრება. უშუალოდ ადგილზე კი, შტურმის დროს მხოლოდ ერთი ეკიპაჟი იმყოფებოდა. კითხვაზე, იცოდნენ თუ არა რომ მომწამვლელი გაზი იყო გაშვებული, ის პასუხობს: "არავინ არ გაგვაფრთხილა, მას მერეც კი როცა ეს მოხდა. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ სამედიცინო გადაყვანა იყო საჭირო. სამედიცინო დახმარების საშუალებებზე არვინ არაფერი გვითხრა. არადა ეკიპაჟებში სასუნთქი აპარატებიც კი გვქონდა! მანქანებში ჟანგბადის აპარატებიც კი გვქონდა!... მაგრამ ჩვენი მანქანები ახლოს არ მიუშვეს, ბიჭებს კი თან მხოლოდ ბინტები და სახვევები ჰქონდათ-ყველა ცეცხლსასროლ ჭრილობებს ელოდა. როდესაც შევედით შენობაში და ამდენი რაოდენობის დაზარალებული დავინახეთ, უკვე იმის დროც არ გვქონდა, რომ მანქანებთან დავბრუნებულიყავით და აირწინაღები მოგვეტანა. საბოლოოდ, ჩვენმა თანამშრომლები და ძალოვნებიც მოიწამლნენ, ბევრის აზრზე მოყვანა დაგვჭირდა, გამოფხიზლება.... პირველი შთაბეჭდილება იყო ის, რომ მკვდრების დარბაზში შევედით. არანაირი მოძრაობა, ყველა თავდახრილი იწვა, არაბუნებრივ პოზაში, ტერორისტი ქალები ცეცხლნასროლი ჭრილობებით იყვნენ. რომ არა სპეცრაზმელების ყვირილი: "ჩქარა, ცოცხლები არიან, გაიტანეთ, გაიტანეთ" - ვერც მივხვდებოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. თავიდან ექიმებსაც კი ეგონათ, რომ ყველა მკვდარი იყო, პულსი არავის არ ჰქონდა...დაგვჭირდა რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ მივხვედრილიყავით რომ "ნალოქსონი" იყო საჭირო. "ალფას" ეს ჰქონდა, ჩვენც, მაგრამ ძალიან ცოტა". 

ის ასევე ამბობს, რომ იმის წარმოდგენაც არ უნდა, რომ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, მაშველები თავისით რომ არ გამოცხადებულიყვნენ. ის ასევე ამბობს: "გაზი არ იყო მკვლელი! ყველა იყო ცოცხალი თავიდან, ერთეულების გარდა. ყველა, ვისაც პრეპარატი დროულად შეუყვანეს, გაცოცხლდა, სუნთქვა დაიწყო, ვიღაც მაშინვე მოდიოდა გონზე. ვინმეს ხომ შეეძლო ჩვენთვის ამოცანა დაესახა? ჩვენთვის, საავადმყოფოებისთვის, სხვა სამსახურებისთვის! მაგრამ, არავინ არ შეგვკრიბა, არავინ აგვიხსნა ვინ სად უნდა ყოფილიყო, რა მარშრუტით უნდა გვემოძრავა, ვინ იყო უფროსი, ვისთვის უნდა მიგვემართა! არავის არაფერი არ უთხრეს!"

საბოლოო ჯამში კი ის რუსი ძალოვნები, რომლებმაც არ უზრუნველყვეს სამაშველო ოპერაციის ჯეროვნად შესრულება, ვლადიმერ პუტინმა წარმატებული სპეცოპერაციისთვის დააჯილდოვა.

რუსეთის მთავარი საგამოძიებო უწყებამ კი წლების შემდეგ საქმე დახურა. დოკუმენტის ფინალურ პასაჟში ვკითხულობთ: "რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ სწორად მიღებული გადაწყვეტილების და სპეცსამსახურების მიერ მართებული მოქმედებების შედეგად, ტერორისტების დანაშაულებრივი ქმედება შეწყვეტილ იქნა და აცილებულ იქნა ბევრად უფრო დიდი ზიანი, რომელსაც შეეძლო შეელახა რუსეთის ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე".

და ალბათ, მართალიც არის ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც იმ ტრაგიკული დღეების შემდეგ, თვლიდა, რომ პუტინს ძალიან უნდოდა ტერორისტების შეშინება და საკუთარი უძლეველობის დამტკიცება უკვე პრეზიდენტობის პირველ ვადაზე, თუმცა ამის ფასი "დაძინებულმა" ადამიანებმა და მათმა ოჯახებმა გადაიხადეს.