ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი, ეს არის მოლოდინი, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომაც ცდილობს საბჭო ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს არ იყოს შემთხვევითობა და ამან არ გამოიწვიოს ზედმეტი მღელვარება.
„დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. იცით, რომ დავამატეთ რამდენიმე მიმღები ზარის ობიექტი ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე და გაუმჯობესდა პაციენტებზე მონიტორინგი, არ ვგულისხმობ ხარისხობრივ მონიტორინგს, არამედ რაოდენობრივ მონიტორინგს, ვინაიდან სწორად ნაწილდება უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა. შესაბამისად, მათი ჩართულობა მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის მანძილზე ჩვენ ვმართეთ 3 446 საქმე, აქედან პრობლემური 340, რომელიც კოვიდ ინფიცირებულების ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ნაწარმოები იქნა 749 საქმე“, – განაცხადა ტიკარაძემ.