ყველაფერს ვაკეთებთ, რომ VII-XII-კლასელი მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდნენ და და ეს ამ სემესტრში მოხდება - ამბობს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
მისი თქმით, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.
„1-დან მე-6 კლასელები უკვე სასკოლო სივრცეში იმყოფებიან. რაც შეეხება მაღალი კლასების, ანუ მე-7-დან მე-12 კლასების მოსწავლეების დაბრუნებას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს. ცხადია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენი მიზანია, რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში და ეს ამ სემესტრში მოხდება. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, რა საკვირველია, ჩვენ საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებთ.
ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვო, საჭიროა სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი”, - თქვა ჩხენკელმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელეს. მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი დისტანციურად სწავლობენ.