უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა იწყებს ორი საზღვაო-სამხედრო ბაზის მშენებლობას შავი ზღვის რეგიონის დასაცავად. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში, დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არმიის გაძლიერებას განაგრძობს, რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის ტერიტორიის დათმობას.
მისივე თქმით, ყველა ვინც ყირიმი უბრძოლველად დათმო, პასუხს აგებს.
"ჩვენ ვაშენებთ უკრაინის არმიას, რომელიც შეძლებს ქვეყნის დაცვას ხმელეთზე, წყალში, ჰაერსა და კიბერსივრცეში ისე, რომ არავის მოუვიდეს აზრად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ისე, რომ ვერავინ გაივლოს გულში, თითქოს უკრაინის ტერიტორიის მითვისება შესაძლებელი იყოს ერთი გასროლის გარეშე. ხოლო ვინც ყირიმი უბრძოლველად დათმო, პასუხი უდა აგოს", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მედია იუწყება, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების მშენებლობაში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან.
ცოტა ხნით ადრე, ლონდონმა და კიევმა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 1,25 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობით კრედიტს გამოუყოფს.