ხელისუფლების მარცხის შემდეგ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობიდან. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ საკუთარი ზნედაცემულობის რეკორდი მოხსნა, როდესაც ორი ღვაწლმოსილი, პატრიოტი მეცნიერი დააკავა.
"ივანიშვილმა სცადა, რომ საკუთარი პროპაგანდით დაერწმუნებინა საზოგადოების ნაწილი მაინც, რომ აი, ხომ ხედავთ, წინა ხელისუფლება ყიდდა საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ აქაც კი „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა მისთვის ჩვეული პროპაგანდის წარმოება და ეს ყველაფერი მას შემოუტრიალდა", - თქვა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, სიმართლე საზოგადოების მხარეს არის და ის ძალიან ძლიერია.
"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში, ხელისუფლების მარცხის შემდეგ ეს ორი ძალიან დასაფასებელი და ღვაწლმოსილი მეცნიერი გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. ძალიან გამკვირვებია "ქართული ოცნებისა", ვინაიდან მას შემდეგ, რაც ეს საქმე გამოძიებული იქნება ობიექტური გამოძიების მიერ, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში უკვე ძალიან გაუჭირდება რეალობისთვის თვალის გასწორება. "ქართული ოცნების" აქტივისტებსაც კი არ სჯერათ იმის, რისი დაჯერებაც ბიძინა ივანიშვილს ქართული საზოგადობისთვის უნდოდა", - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი.
2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
2020 წლიეს 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.