თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე მსჯელობენ.
ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს და ამ ბრალდებას ვერ შეეგუება.
"მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესებით მიცხოვრია. რისი წაკითხვაც მოვასწარი, ეს არის დაკავების შესახებ განჩინება და ბრალის დადგენილება. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ორივე დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ერთია, მაგრამ შედგენილია და აწყობილია დილეტანტურ მიდგომაზე. თურმე საქართველომ რაღაც ტერიტორია დაკარგა... ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა.
რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია რომ რაღაც იცის.. სინამდვილე ის არის, რომ საქართველოს საქმეს აფუჭებთ ხალხნო! მეორე, ქვეყანას აძლევთ იმის საშუალებას, რომ დაგადანაშაულონ მიწის მითვისებაში, მაშინ, როცა პირიქით, სახეგამართულები ვიყავით... ეს არის სიბინძურე, რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. ეს შეიძლება, პროკურორისთვის არაფერი იყოს, ისროლა ბრალდება და მოარტყა.
არ ვაპირებ ამ ბინძური ბრალდებით ვიარო. დაანებეთ ამ პოლიტიკობანას თავი. არა ხართ ეს უწყება, რომ უნდა ერეოდეთ პოლიტიკაში. გავა ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში. ვერც ციხე ვერ გამტეხს, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები, ჩემს უკან ოჯახია, წინაპრები და ის, რომ ქართველი ვარ. ეს არის სიბინძურემდე მისული რაღაც. თემა სენსიტიურია და თითოეული გაუაზრებელი განცხადება პროცესს ვნებს. არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც სადმე მყოფი მე ამისთანა ბრალდებებით ამისთანა ბრალდებით, მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია", - განაცხადა მელაშვილმა.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.