ბერლინის უმაღლეს სასამართლოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო.
გერმანიის ფედერალური პროკურატურა რუსეთის ხელისუფლებას მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და მის უკან რუსეთი დგას. გამოცემა deutsche welle წერს, რომ ამ საქმემ, როგორც მანამდე სკრიპალებისა და შემდგომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეებმა ბერლინს ეჭვი გაუძლიერა, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის ოპონენტებს არამართლზომიერად სჯის. ეს კი გერმანია-რუსეთის ურთიერთობის სერიოზულ გაურესებას გამოიწვევს.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მას ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.