სახალხო დამცველი საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეს შეისწავლის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს.
"საქართველოს სახალხო დამცველი საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სს დევნის საქმეს შეისწავლის.
შესწავლის პროცესში ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც დაცვის მხარესთან, ასევე, ინფორმაციას გამოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან.
სახალხო დამცველის შესწავლის საგანი იქნება როგორც საპროცესო უფლებების დაცვა, ასევე, ბრალად წარდგენილი ქმედების მართლზომიერების საკითხი.
საკითხის სენსიტიურობიდან და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს გამოძების გამჭვირვალობა და პროცესის მონაწილე პირების კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების დაცვა", - აცხადებს სახალხო დამცველი.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავეს.