საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევებს და პანდემიასთან გამკლავების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ ამ კუთხით მიღწეული წარმატება.
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სამი ძირითადი პრიორიტეტი დაისახა – დემოკრატიული განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება, შავი ზღვის ფართო რეგიონში საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცება და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესება.
ქართული მხარის შეფასებით, საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ევროპის ალტერნატიული სატრანსპორტო და ტელეკომუნიკაციების ცენტრის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნის სტატუსით.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქართველოს ფიზიკურად დაკავშირების მნიშვნელობას და ამ მიზნის მისაღწევად პრაქტიკული ინსტრუმენტების მოძიებისკენ მიმართულ ძალისხმევას. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რომლის მიზანიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული კონსოლიდაციის მხარდაჭერა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებს ევროპული სტრუქტურების რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დააკვირდება, მათი უსაფრთხოების სტანდარტების სრულ დაცვას კი საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და მზადაა ამ მიმართულებით მეტი წვლილის შესატანად. ხაზი გაესვა საქართველო -ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგს, როგორც უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან კომპონენტს. მხარეებმა ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს.
პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დეტალურად ესაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ე.წ ბორდერიზაციის პროცესსა და საოკუპაციო ხაზზე ე.წ გადასასვლელების დახურვის შედეგად შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საუბარი ასევე შეეხო კიბერუსაფრთხოებას, რაც თანამედროვე სახელმწიფოების წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე, ხოლო ერთ-ერთი ბოლო შეტევისას ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას.
გიორგი გახარიას განცხადებით, წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და რისკები იზრდება, ამიტომ კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.