საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს, ხარკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელმაც 26 ადამიანი იმსხვერპლა, სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ პრეზიდენტი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
"ძალიან მტკივნეულია ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაში ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავების დაღუპვის შესახებ . ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებსა და უკრაინელ ხალხთანაა", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი Ан-26 ხარკოვის მხარეში, ჩარგუევის მახლობლად, წუხელ, გვიან ღამით ჩამოვარდა. თვითმფრინავი დაშვებისთვის ემზადებოდა, რა დროსაც ის მიწაზე დაენარცხა და ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმფრინავის კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე პილოტმა მოახერხა შეტყობინების გაგზავნა, სადაც ის ამბობდა, რომ მარცხენა ძრავა დაზიანდა.
თვითმფრინავის ბორტზე 27 სამხედრო კურსანტი იმყოფებოდა, 26 მათგანი გარდაიცვალა.