იაპონია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირების მოწოდებით გამოდის და მზად არის, გახდეს საბჭოს მუდმივი წევრი. ამის შესახებ ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტოსიმიცუ მოტეგის სიტყვაში, რომელიც მან გაეროს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე წარმოსთქვა.
"გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება, მისი გაძლიერების მიზნით, აღარ უნდა გადაიდოს. სამწუხაროდ, 75 წლის წინ შექმნილი სისტემას აღარ ძალუძს გადაჭრას დღეს მის წინაშე არსებული ამოცანები. დარწმუნებულები ვართ, რომ წევრი ქვეყნები, რომლებთაც აქვთ პასუხისმგებლობის აღების განზრახვა და შესაძლებლობა, უნდა იყვნენ გაფართოებულ უსაფრთხოების საბჭოში", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილში.
ტოსიმიცუ მოტეგის განცხადებით, მხოლოდ რეფორმირებისა და გაფართოების შემდეგ გახდება უსაფრთხოების საბჭო ეფექტური და წარმომადგენლობითი ორგანო.
მისივე თქმით, იაპონია მზად არის გახდეს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი.
"იაპონია სრულად არის მზად, შეასრულოს ეს პასუხისმგებლობები, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი და ხელი შეუწყოს მსოფლიოში წესრიგისა და სტაბილურობის დამყარებას", - დასძენს ტოსიმიცუ მოტეგი.
შეგახსენებთ, გუშინ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანიც გამოვიდა უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირებისა და გაფართოების მოწოდებით.
ამჟამად, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში 15 ქვეყანა შედის, რომელთაგან ხუთი მუდმივი, ხოლო ათი არამუდმივი წევრია. არამუდმივ წევრებს ორი წლის ვადით ირჩევენ.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები არიან რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი.